იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი საქართველოს ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ახალ რესურსებს გამოუყოფს

„ევროკავშირი საქართველოს ახალ რესურსებს გამოუყოფს ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
ამასთან, ჰერმანი განმარტავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით.
„პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განვიხილეთ. ჩვენ პირველი შეფასება მივეცით ამ ღონისძიებას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევაფასოთ სამიტი პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის სამიტის შედეგები, განსაკუთრებით პრაქტიკულ ჭრილში. ვისაუბრეთ იმ ახალ რესურსებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს რესურსები“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
რაც შეეხება 24 ნოემბერს, ბრიუსელში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ეს დოკუმენტი 34 ქვეყნის დეკლარაციაა და ის ამ ქვეყნებს შორის კონსენსუსს წარმოადგენს.
„რაც შეეხება სამიტის დეკლარაციას, მინდა აღვნიშნო, რომ ეს 34 ქვეყნის დეკლარაციაა. ის წარმოადგენს კონსენსუსს ამ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში აღიარებულია ევროპული მისწრაფებები, პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ასოცირების განვითარება“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები