ნიდერლანდებში ქართული ღვინო წარადგინეს

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე WineWeekend სპეციალური სტენდი Taste of Georgia მოეწყო, სადაც ქართული  ღვინოები იყო წარმოდგენილი. WineWeekend ნიდერლანდებში ყველაზე მასშტაბურ ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებად  ითვლება, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ორი პრეზენტაცია-სემინარი – ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან’’ გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Saperavi Wine Agency-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი“, „თბილღვინო“, „ფაფარი ველი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“.

ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან Saperavi Wine Agency ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები