არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა სრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის, არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ხორციელდება. არგვეთას სატრანსპორტო კვანძი ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ არგვეთაში იწყება.

სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა ითვალისწინებს როგორც ძირითადი გზის სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოსაბრუნებლების ფუნქციის შესრულებას, ასევე სოფელ არგვეთას სხვადასხვა მხარის ერთმანეთთან და ავტომაგისტრალთან დაკავშირებას.

ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების, გასავლელების და გზაგამტარის ძირითადი კონსტრუქციების სამშენებლო  სამუშაოები დასრულებულია.

ამ დროისათვის მიმდინარეობს, პროექტით გათვალისწინებული გზაგამტარი ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ რიგელის მოწყობის სამუშაოები, ასევე, ორი გასასვლელი ნაგებობისათვის ყრილის დამჭერი რკინა-ბეტონის ფრთების მშენებლობა. ასევე, ხორციელდება საგზაო სამოსისათვის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 924 842  მილიონ ლარს და 2 588 662  ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში 156 ადამიანი დასაქმდა.

იმერეთის რეგიონში 2017 წელს დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების 131 პროექტი. გაიხსნა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 15კმ-იანი საავტომობილო გზა, ასევე, დასრულდა ნიკეას ქუჩის 4კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 200კმ-მდე საავტომობილო გზას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები