ყვარელში მეფუტკრეებს თაფლის კოოპერაციული საწარმოს პროგრამა გააცნეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედ მეფუტკრეობის კოოპერატივებსა და მეფუტკრე ფერმერებს “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდება თაფლის საწარმო, რომელიც თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვება, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, ასევე, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით,  კოოპერატივში  გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც  საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ  7000 სკა.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის  გიორგი მიშელაძის თქმით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში,  გაერთიანებულ  მეფუტკრეებს ექნებათ საშუალება გადაამუშაონ წარმოებული თაფლი  და მისცენ  მას საბოლოო სასაქონლო სახე.

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გორის მუნიციპალიტეტში აშენდება.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები