“იმისათვის რომ წინასწარ იყოს განჭვრეტადი სასამართლოს პოზიცია და უკვე არსებული პრაქტიკის გვერდის ავლით არ ხდებოდეს ახალი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად უნდა დაინერგოს პრეცედენტული სამართალი”

9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებია. რა პრობლემებია ადვოკატთა კორპუსში და ზოგადად ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. ამ თემაზე ინტერვიუ ვთხოვეთ ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს.

1. ბატობო იოსებ, ადვოკატთა ასოციაცია ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ადვოკატთა კორპუსი და რის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს მომავალი თავმჯდომარე?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადვოკატები დგანან ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის წინაშე – ისინი არ არიან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული პროცესის სხვა მონაწილეებთან. სისხლის სამართლის პროცესში ეს ბრალდების მხარეა, ადმინისტრაციულ პროცესში კი სახელმწიფოს წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი საკითხები თითქოს კანონით არის დარეგულირებული, მხარეთა თანასწორობა მაინც დარღვეულია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადვოკატთა განსაკუთრებული სტატუსი მათ ანიჭებს ცენტრალურ ადგილს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, როგორც დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და სასამართლოებს შორის. ადვოკატის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, დაეხმაროს მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და არის რგოლი, რომელიც კონკრეტულ მოქალაქეს ეხმარება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და თუ სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ უფლების მანიპულირება, მივიღებთ იმ შედეგს, რომ ადვოკატი, ფაქტობრივად, ვეღარ დაეხმარება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რაც ხდება კიდეც ხშირ შემთხვევებში.
ის ვითარება, რაც არის შექმნილი ადვოკატურაში, ნათლად ასახავს ქვეყნის მართლმსაჯულებაში არსებულ ვითარებას. ეს მდგომარეობა, 2012-2013 წლებში, შედარებით გაუმჯობესებული იყო, ახლა კვლავ შეიგრძნობა უკუსვლა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების თვალსაზრისით სასამართლოში. აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოში ისევ იბრუნებს პრიორიტეტულ როლს, სასამართლოზე ზეგავლენას, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი სურათით, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე საჯაროდ აცხადებს, რომ მასზე ხდება ზეწოლა და ა.შ.
ამიტომ აუცილებელია ადვოკატთა კორპუსის კონსოლიდირება, რათა მოხდეს ადვოკატის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი საკითხების შესწავლა, მომზადება და სათანადო დონეზე გატანა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ისე საერთაშორისო ინსტანციებში.

2. როგორია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატის ფუნქცია სასამართლოში შეიძლება შეასრულონ არასერთიფიცირებულმა იურისტებმა ან უბრალოდ წარმომადგენლებმა. ეს ხომ არ ზღუდავს ადვოკატის პროფესიას და მათ შემოსავალს?

ეს საკითხი ძირითადად ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოებს, როდესაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა წარმოადგინოს მეორე ადამიანი, ხოლო სააპელაციო ინსტაციებში ეს დაშვებული აღარ არის, სისხლის სამართლის პროცესში კი თავიდანვე აუცილებელია პროფესიული ადვოკატის ჩართვა და მომსახურება.
პრობლემა, თავდაპირველად, გამოწვეული იყო იმით, რომ ფაქტობრივად მოსახლეობას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, დაექირავებინა პროფესიონალი იურისტი და მისი მეშვეობით მომხდარიყო საქმის წარმართვა, მაგრამ ამან მოიტანა ერთი მძიმე შედეგი – პირველ ინსტაციაში თუ ხდება საქმის არასწორად, არასათანადოდ წარმართვა, შემდეგ ძალზე რთულია ამ შედეგების გამოსწორება. ამ პრობლემაზე ფიქრია საჭირო, მოქალაქის ინტერესები უნდა დაიცვან პროფესიონალმა იურისტებმა, თუ მოქალაქეს არ აქვს სათანადო შესაძლებლობა, მისი დაცვა უნდა განახორციელოს იურიდიული დახმარების სამსახურმა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დასჭირდება გარკვეული დაფინანსება.

3. საქართველოში ბევრს საუბრობენ მართლმსაჯულების პრობლემებზე. ეს არის მიზეზი იმის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე, სასამართლო სისტემაში რეფორმის რამდენიმე ტალღა გამოცხადდა, თუმცა პრობლემები უცვლელი რჩება. ერთ-ერთი კანდიდატი დავით ებრალიძე გამოსავალს ქართულ მართლმსაჯულებაში პრეცენდენტული სამართალის დამკვიდრებაში ხედავს. როგორია თქვენი პოზიცია?

ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, პრეცედენტული სამართალი ინერგება საქართველოში, უკანასკნელი რამდენიმე წელია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მთლიანად პრეცედენტებზეა აგებული და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც შემოვიდეს და დაინერგოს. რაც, როგორც აღვნიშნე, ნაწილობრივ მიმდინარეობს კიდეც; განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, უფრო ნაკლები მასშტაბით კი საერთო სასამართლოებში. ამ პროცესს ახლავს ერთი არსებითი ხარვეზი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად არ არის სათანადოდ დადგენილი, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეცედენტული პრაქტიკის დამკვიდრება, რაც ხშირ შემთხვევაში ქმნის მანიპულირების შესაძლებლობას. ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლომ, ერთი და იმავე ტიპის საკითხზე, შეიძლება მიიღოს სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, ამიტომ ამ საკითხს სერიოზული შესწავლა და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა სჭირდება.
უნდა გამოირიცხოს ამგვარი თვითნებობის შესაძლებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისა და განაჩენების გამოტანის დროს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მოსამართლის თავისუფლებასა და შინაგან რწმენაში შეჭრას, მაგრამ იმისათვის, რომ მკაფიოდ იყოს განჭვრეტადი სასამართლოს პოზიცია და არსებული პრაქტიკის გვერდის ავლით არ ხდებოდეს ახალი გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებელია, კიდევ უფრო ფართოდ დაინერგოს პრეცედენტული სამართალი.

4. დაბოლოს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე უკვე დასახელებულია რამდენიმე კანდიდატი, თქვენ ალბათ გაეცანით მათ პროგრამებს, როგორ შეაფასებდით მათ ხედვებს, რამდენად სწორად აქვთ დანახული ადვოკატთა პრობლემები?

ვიცნობ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებს და დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს. ვფიქრობ, ძალზე საინტერესო საკითხები აქვთ წამოჭრილი თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებში, თუმცა ამ საკითხებს სჭირდება გამთლიანება და ერთიანი ხედვით მიდგომა.
პრობლემად მიმაჩნია, რომ ადვოკატები არ იცნობენ ერთმანეთის ნამუშევრებს. ადრე იყო გამოცემული ადვოკატთა ნაშრომები, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ დიდი ხანია არ გამოქვეყნებულა ადვოკატთა დასკვნითი სიტყვები ან სხვა შემაჯამებელი ნაშრომები. ვფიქრობ, ეს ხარვეზი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოიფხვრას.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველა ასოციაციის თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატი ღირსეულია. მთავარია, არჩევნები წარიმართოს ურთიერთპატივისცემით, ობიექტურად და გამჭვირვალედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები