“სტრასბურგის დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური პატიმრობა არ დგინდება”

“339-ე მუხლს თუ ჩახედავთ, გადაწყვეტილებაში სტრასბურგის დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური პატიმრობა მერაბიშვილთან დაკავშირებით არ დგინდება. დევნაზე ლაპარაკი არ არის”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პალატის განცხადებით მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაც და სასამართლო პროცესიც კანონიერად წარიმართა.
“დიდმა პალატამ რამდენიმე საკითხი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა, ვიდრე ეს იყო პირველ სასამართლოში. უფრო კონკრეტულად 339-ე მუხლს თუ ჩახედავთ, გადაწყვეტილებაში მკაფიოდ თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური პატიმრობა მერაბიშვილთან დაკავშირებით არ დგინდება. დევნაზე ლაპარაკი არ არის. მკაფიოდ თქვა, რომ მისი დაკავება, წინასწარი პატიმრობა და სასამართლო პროცესი ეს ყველაფერი იყო კანონიერი. ერთადერთ შემთხვევაში დასვა ამ მიმართულებით კითხვით ნიშანი, როდესაც თქვა, როცა განმეორებით იყო აღმკვეთ ღონისძიებაზე პატიმრობის შეცვლასთან ლაპარაკი, იქ მოსამართლემ ზეპირი მოსმენით გამოიტანა გადაწყვეტილება, თუმცა არ დაასაბუთა, ასე ხდება სასამართლოების უმრავლესობაში – ეს პრაქტიკა არის შესაცვლელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დიდმა პალატამ აბსოლუტური კონსენსუსი დაადგინა, ანუ 17-ვე მოსამართლემ ერთი და იგივე თქვა. რაც შეეხება მე-18 მუხლის დარღვევას, ამ მუხლთან დაკავშირებით დიდი პალატის ხმები გაიყო. 9 მოსამართლემ დაადგინა, რომ მერაბიშვილის გაყვანას ჰქონდა ადგილი, ხოლო 8 მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რომ მის გაყვანა არ დგინდება. ამ 8 მოსამართლეს შორის არის დიდი პალატის თავმჯდომარე, რომელმაც დაადგინა, რომ გაყვანას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, გაყვანას ადგილი ჰქონდა თუ არა, ამის მიუხედავად სასამართლომ თქვა, რომ ამას პოლიტიკურ მოტივებთან შეხება არ ჰქონია, რაც შეეხება 18-ე მუხლთან დაკავშირებით იქ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და ეს არანაირად არ ეხება პატიმრობის კანონიერებას და მითუმეტეს გათავისუფლებას“- აცხადებს სუბარი.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველა იმ მწამებლებს, რომლებიც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან.
„ოპოზიცია სტრასბურგამდე გათავისუფლებას ითხოვდა. ისინი პოლიტპატიმრად მიიჩნევენ მეგის ქარდავას, ყველა იმ მწამებლებს, რომლებიც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები. რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, არანაირი პოლიტიკური მოტივი მის პატიმრობაში არ იკვეთება. მერაბიშვილის პატიმრობა არ გადაიხედება, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის პატიმრობასთან არანაირი საერთო არ აქვს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები