იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის თბილისის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის თბილისის ოფისის  (OHCHR) საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორს, ჟორჟეტ განიონს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღინიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დროს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთანაც იგივე აქტივობებით და ერთობლივი პროექტებით გაგრძელდება.

„გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის თბილისის ოფისთან იურიდიულ კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო. კომიტეტმა ოფისის წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობით ბევრი რეფორმატორული პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საზედამხედველო მექანიზმის შემოტანა პარლამენტში, ცვლილებები რეგლამენტში, კონკრეტული კანონპროექტების ექსპერტიზა საერთაშორისო სამართლის ჭრილში და  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წარსადგენი პერიოდული და უნივერსალური ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებული ცვლილებები.

შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც ეს თანამშრომლობა ასევე მომავლის გეგმები, რომელიც იურიდიული კომიტეტის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთობას შეეხება. ვაპირებთ მოვამზადოთ საპარლამენტო კონტროლის ახალი ფორმატები, ვიმუშაოთ კონკრეტულ რეფორმებზე და სამუშაო ჯგუფებში მათი ექსპერტიზა გამოვიყენოთ. მოვამზადოთ კომიტეტის და აპარატის წევრები ამ ახალი სტანდარტებით და ჩავატაროთ თემატური შეხვედრები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის თბილისის ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრას, კომიტეტის წევრები გედევან ფოფხაძე და გიორგი ხატიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები