“სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალებთან გაერთიანების გადაწყვეტილება კრემლის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებაა”

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით,  ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რომელიც  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მიხეილ ჯანელიძემ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება მისცეს მოსკოვის ამ ნაბიჯს.

“ეს არის კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმასა და პრინციპს, მათ შორის,  რუსეთის მიერ ნაკისრ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას.   ეს გახლავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ამ რეგიონების  მაქსიმალურ დაქვემდებარებას და კონტროლს. რა თქმა უნდა, ამას  ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი სტატუსი და სამართლებრივი გამოხატულება. ეს არის, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ ნაბიჯებს და მოვუწოდებთ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი შეფასება მისცეს ამ კონკრეტულ ქმედებას”,-აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

“მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საჯარისო სამხედრო შენაერთებმა დატოვონ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია – საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, რათა შეიქმნას შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც განვიხილავთ როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად”,- განაცხდა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის ვიცე-პრემიერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები