ირაკლი კობახიძე: იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლეგიას და პარლამენტს შორის პრინციპული განსხვავება არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად არაპირდაპირი წესით, პრეზიდენტი აირჩევა მას შემდეგ, რაც შედგება პროპორციული წესით პარლამენტის არჩევნები.
კობახიძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში რამდენიმე დამატებითი საკითხი დაისვა და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აკადემიურ წრეებთან იყო განხილული, სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი იყო.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს – როცა ეს საკითხი თავიდან დაისვა კომისიაში, უარყოფითად შევაფასე ეს მოდელი და მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ადმინისტრაციული დონის არჩევნები, შესაბამისად, არ არის მაინცდამაინც სწორი ადმინისტრაციული არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის. მაშინ მოგეხსენებათ იყო ასეთი კონტექსტი, ჯერ ვადებთან დაკავშირებით არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ როდის უნდა შემდგარიყო პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი არჩევნები. გარდა ამისა, გამოდიოდა ისე, რომ პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი იქნებოდა შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ. ახლა ეს კონტექსტი არის შეცვლილი და შესაბამისად, სხვაგვარი განხილვა შეიძლება შედგეს ამასთან დაკავშირებით. პარლამენტი 2024 წელს იქნება არჩეული პროპორციული წესით, ამის შემდეგ იქნება საპრეზიდენტო არაპირდაპირი არჩევნები და ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება დაიწყოს მსჯელობა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. გუშინ იყო მხოლოდ და მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ამასაც სპეკულაციები მოყვა. გავითვალისწინებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა. დილემა არის ასეთი, შეგვიძლია, მოვერიდოთ სპეკულაციებს და დავტოვებთ იმ მოდელს რომელიც არის. ან ვფიქრობ, იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ასე. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები