საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას მასპინძლობს
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. სპეციალურად ამ შეხვედრაზე იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სიამოვნებაა ვიყო დღეს აქ. საქართველო არის საკმაოდ წამყვავან პოზიციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში”, – განაცხადა ჯაკაბმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრება.
მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
“მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის პირველი ნაწილი ეძღვნება საქართველოში ჯანდაცვის სისტემის პრეზენტაციასა და გაცნობას, შემდეგი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთი კვირის წინ დამტკიცებული პოლიტიკის (სამოქმედო გეგმის) გაცნობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მუდმივმოქმედი კომიტეტი ევროპის რეგიონული კომიტეტის სათათბირო ორგანოა, მასში ჯანდაცვის სფეროში სათანადო გამოცდილების მქონე 12 წარმომადგნელს 3 წლის ვადით ირჩევენ, რომელთა შერჩევა რეგიონში შემავალი 53 სახელმწიფოს წარმომადგენელთა შორის ხდება.
მუდმივმოქმედი კომიტეტი კონსულტირებას უწევს რეგიონულ კომიტეტსა და ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზე.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანადგომასა და ევროპის რეგიონში საქართველოს როლის ზრდაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო არჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან საბჭოებსა და საკონსულტაციო ორგანოებში, როგორც ევროპის რეგიონის, ასევე – გლობალური მასშტაბით. 2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესიაზე, პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში, საქართველო არჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ. კომიტეტის თავმჯდომარე-სახელმწიფოს როლში ყოფნა განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს რეგიონის მასშტაბით, ვინაიდან საქართველოს ეძლევა საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სფეროში რეგიონის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის მომდევნო ორწლიანი (2018-2019) თანამშრომლობის ხელშეკრულებას (Biennial Collaborative Agreement)“, რომელიც ასახავს მხარეთა ორწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.