პარლამენტი სამთავრობო ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს -„გვსურს მთავრობას ხელი შევუწყოთ ეფექტურ მუშაობაში“

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ მთავრობას ეფექტურ მუშაობაში ხელი შეუწყოს.
„საქართველოს მთავრობიდან პარლამენტში უკვე შემოსულია საკანონმდებლო ინიციატივა, საკანონმდებლო დონეზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით, ჯერ საკომიტეტო მოსმენები გვექნება, შემდეგ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განვიხილავთ. დაისმება შესაბამისი კითხვები, პირადად მე მაინტერესებს, რამდენად მოხერხდება უწყებების გაერთიანების შედეგად, სფეროების ეფექტურად მართვა. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. ჩვენი გეგმით ეს წლის ბოლომდე მოესწრება. საპარლამენტო ქვეყანა ვართ და გვინდა, რომ მთავრობას ხელი შევუწყოთ ეფექტურ მუშაობაში, აქედან გამომდინარე, პრემიერს უნდა მივცეთ საშუალება დააკომპლექტოს მთავრობა და დაიწყოს შემდგომი პროცედურები. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გამოიწვევს, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„აუცილებლად მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ეს თანხა გადააჭარბებს მილიონ ლარს და მოიტანს გაცილებით ეფექტურ მმართველობას. ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად შესაძლებელია იმ რაოდენობის სამინისტროებით იმართოს, რა ოდენობაც დაანონსებულია“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები