„ქართული ოცნების” წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები იყო შეხვედრის  მთავარი თემა, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებისა” და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შორის შედგა. შეხვედრაზე სტუმრები საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს, საკონსტიტუციო რეფორმასთან და ახლადინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო წილოსანმა მიაწოდეს.

შეხვედრაზე ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებული არჩევნები და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ეტაპები განიხილეს.

„დანიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი მომხსენებელი. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. სტუმარი ცდილობს მაქსიმალურად შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან და ზოგადად, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან დელეგაციის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნისთვის აქტუალურია”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებს გამართავს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან, ასევე, სახალხო დამცველსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები