„Javelin-ის სისტემის მიყიდვის თაობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების აღიარებაა“

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების Javelin-ის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით, ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას ადასტურებს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს.
“ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთნდობის აღიარება, შესაბამისად, ეს არ გადაწყვეტილა ერთ დღეში. მიმდინარე წლის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა საქმიანობა და მუშაობა აშშ-ის შესაბამის უწყებებთან, ჩვენი ქვეყნის შესაბამის ინსტიტუციებთან ერთად და გადაწყვეტილებაც სახეზეა”,- განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები