გია ვოლსკი: პრაქტიკულად შეუძლებელია უცხო ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროცესები შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყანაში პროცესები შეცვალოს.
შესაბამისი კომენტარი გია ვოლსკიმ უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საკითხზე “ნაციონალური მოძრობის” მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
“ჩვენ ამის თაობაზე დეტალები არ ვიცით. უკრაინამ გადაწყვიტა, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი. მე ვერ შევაფასებ ამ შემთხვევაში ამ ქმედებას, ამ ნაბიჯს, ვინაიდან არ გვაქვს საწყისი ინფორმაცია. როგორ იმოქმედა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს კიდევ მეორე საკითხია. არ მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული პასუხები, თუმცა მექანიზმი არსებობს თუ არა იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება, ან პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, ამაზე საკმაოდ სერიოზული, სხვა აზრი გამაჩნია – ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა.
პარტიის ლიდერები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისადმი, გულგრილობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები