სასწაულები „ბიბლიურ ბაღში“ – რატომ შემოავლო თავის წალკოტს რუდბეკიის ყვავილები მედეა ასათიანმა?

„ბიბლიური ბაღი“ ქუთაისში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ქალბატონი, ვინც ასეთი ბაღის გაშენება დაიწყო, 2002 წელს დაინტერესდა იმ ყვავილებით, რომლებიც ქრისტეს სახელს უკავშირდებოდა… ანუ  ახალ აღქმაში დასახელებულმა ყვავილებმა ქრიტეს შობიდან ქრისტეს ჯვარცმამდე  ამ ბაღში გაიხარეს.  ბაღი სეზონურია და მასში 120მდე ყვავილი ყვავის...
ამბობს, რომ ასეთი ბაღი საზღვარგარეთ რომ არსებობდეს, მასზე ბევრი დაიწერებოდა, აქ კი… მრავალს არც გაუგია მისი არსებობა.
 ამ ბაღში სასწაულებიც ხდება, დანარჩენს თავად მებაღე გიამბობთ. – ქალბატონ მედეა ასათიანის პერსონა.

 დავიბადე ქუთაისში1948 წელს, მამა – მიხეილ ასათიანი რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი იყო, დედა – თინათინ ჯაფარიძე – პროვიზორი. ბავშობიდან ბევრი რამ დამამახსოვრდა. სოფელ დერჩში ყოფნისას ბაბუა დიმიტრი ასათიანმა აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი გამაცნო. ბატონ გიორგისთან შეხვედრა და საუბარი, ჩემი ბავშობის საუკეთესო მოგონებაა.
– გაიხსენეთ ბებია, ვისგანაც ბაღის გაშენების და მოვლის ტრადიცია გადმოგეცათ…
– ჩემი გატაცება ბუნების, ყვავილებისადმი ერთმა გარემოებამ განაპირობა, ჩვენს ოჯახს ჰქონდა ყვავილნარი, არაჩვეულებრივი ბაღი, რომელიც მუდამ იზიდავდა მნახველებს და რომელსაც საოცარი რუდუნებით უვლიდნენ ბებიები. კარგი ბაღი ჰქონდა ვერა ჯაფარიძეს, ალექსანდრა-ბიცი ბოჭორიშვილი-ჯანელიძისას. ასევე კარგი ბაღი ჰქონდა სოფ. დერჩში ბებია მარიამ კოპალეიშვილი-ასათიანს, რომელსაც წითელი ვარდების ტალავერი ჰქონდა.
 სტუდენტობა… რატომ გადაწყვიტეთ ბიოლოგობა?
– სტუდენტობისას მიყვარდა საველე პრაქტიკები და ძალიან მიყვარდა საგანი ბიოლოგია.
37 წელიწადს მუშაობდით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიაფიზიოლოგიის კათედრაზე და პარალელურად, უვლიდით ბაღს
– უნივერსიტეტში წასვლამდე ვათვალიერებდი ბაღს, მოსვლის შემდეგ კი ვმუშაობდი ბაღში.
– თქვენი ბაღი უბრალო არ არის, „ბიბლიურია“…  ის 2010 წელს გააშენეთ…  მანამდე ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე გულდასმით წაკითხეთ…  სხვა რაიმე საინტერესო ისტორიაც ხომ არ უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას?
– პირველად ბაღი გავაშენე1978 წელს, ვმონაწილეობდი ქუთაისში გამართულ ეზოების კონკურსში, რისთვისაც მაჯილდოვებდნენ ფულადი პრემიით, სიგელებითა და დიპლომებით.  2002 წელს დავინტერესდი იმ ყვავილებით, რომლებიც ქრისტეს სახელს უკავშირდებოდა, ესენი:  ქრისტესისხლა, იუდას ხე, მარიას ლაბადა და სხვა.
ბიბლიური მცენარეების გაშენებასთან ერთად ხატებს ქმნი, მძივებით და გამხმარი ყვავილებით... როგორ იქმნება ეს ხატები? რომელ ხატს გამორჩევდით… 
დავინტერესდი ბიბლიაში თუ იყო ნახსენები რომელიმე ყვავილი იმიტომ, რომ ნანახი მქონდა, მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი ლილიებით ხელში, რომელიც მარიამს მიართვა და უთხრა, რომ ის შობდა მესიას. წავიკითხე ბიბლია, ამოვწერე მცენარეები, მოვიძიე, რატომ ეწოდებოდა ქრისტეს სახელი ყვავილებს და შევუდექი ბიბლიური ბაღის გაშენებას.
ბიბლიაში პირველად მე-7თავში წავიკითხე მაყვალის ბუჩქზე და დავრგე ეზოში, შემდეგ ლილია, ლერწამი, იუდას ხე, ჩალამძივა…  და რომ დავამთავრე,  მოხდა სასწაული, ყვავილებით გადმოიცა ახალი აღთქმა ქრისტეს შობიდან – ქრისტეს ჯვარცმამდე.  უშუქობის პერიოდში სულ 4 ხატი მოვქარგე მძივებით, რომლებიც ეკლესიას ვაჩუქე…
როზმარინი, ლერწამი, ქრისტეს ცრემლები, ლუნარია, შროშანი, შროშანა, ზეთისხილის ხე, იუდას ხე, ტირიფი, ბზა, ქრისტესისხლა, ლავანდა… გვიამბეთ თითოეულზე დაწვრილებით…
–  უფლის ბაღში ყვავილობს როზმარინი – მარიას ლაბადა, ლეგენდის მიხედვით როზმარინს ჰქონდა თეთრი ყვავილები. მეფე ჰეროდეს დღეებში, როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს – სად არის, იუდეველთა მეფე რომ იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში  და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. ჰეროდემ ბრძანება გასცა, მოეკლათ ყოველი ყრმა, ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში.  ღვთისმშობელმა, დედა მარიამმა, ჰეროდეს ჯარისკაცებისაგან რომ დაემალა ჩვილი ქრისტე, გაიძრო მისი ლურჯი ლაბადა, გაახვია ჩვილი ქრისტე და როზმარინების ქვეშ დამალა. როზმარინის თეთრი ყვავილები ლურჯი ლაბადის ფერი გახდა, რომ ქრისტე არ შეემჩნიათ ჯარისკაცებს. ამიტომ ხალხმა როზმარინს დაარქვა მარიას ლაბადა და მას შემდეგ როზმარინი არის მარადმწვანე, აქვს სასიამოვნო სურნელება, გამოიყენება დეკორაციულ მეყვავილებაში, მედიცინაში, კულინარიაში.  ევროპაში კულინარიაში მას უწოდებენ საწებლის თაიგულს.
ლავანდა – უფლის ბაღს ამშვენებს ლავანდის ბუჩქი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ლავანდის ტოტებზე ღვთისმშობელი  დედა მარიამი  ყრმა იესოს პერანგებს ფენდა და აშრობდა, მას შემდეგ ლავანდა დარჩა მარადმწვანე მცენარე, მიეცა განუმეორებელი სურნელება, გამოიყენება მედიცინაში,  პარფიუმერიაში. ლუნარია – იესო მიხვდა, რომ მისი ჟამი მოახლოებული იყო და წავიდა იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, ლოცულობდა და თან ცრემლები სცვიოდა, ლეგენდის მიხედვით, მისი ცრემლებიდან აღმოცენდა ყვავილი ლუნარია და მას ხალხმა ქრისტეს  ცრემლები უწოდა.
არღავანი – იუდას ხე  უფლის ბაღში  განმარტოებით დგას.  არღავანი ადრე გაზაფხულზე,  ვნების კვირაში, ფოთლის გამოსვლამდე მთლიანად წითელი ყვავილებით იფარება. მასზე ასეთი ლეგენდაა: არღავანის ხის ძირში ოთხშაბათ დღეს იესო ქრისტეს 12 მოსწავლეთაგან ერთ-ერთმა იუდა ისკარიოტელმა ფარისევლებთან გასცა ქრისტე, ასწავლა მათ მისი  ადგილსამყოფელი, გასამრჯელოდ კი  30 ვერცხლი  მიიღო. ამ შემზარავი ამბის მომსმენის არღავანის ხეს იმდენად შერცხვა, მთლიანად გადაიპენტა წითელი ყვავილებით, ხოლო შემდეგ, როდესაც იუდა მიხვდა დანაშაულს, არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო თავი. ის 30 ვერცხლი ხის ძირში ჩამოეყარა… ამის შემდეგ არღავანის ხეს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ. ამბობენ, ხე სირცხვილისაგან წითელი ყვავილებით გაწითლდაო.
გლედიჩია – ქრისტეს  გვირგვინი – უფლის ბაღში (ბაღს, უფლის ბაღი დავარქვი) არის დაფნის ხეზე ტოპიალური ხელოვნებით გაკეთებული იესო ქრისტე, რომელსაც თავზე გლედიჩიას ეკლის გვირგვინი აქვს დადგმული. მას შემდეგ, რაც ქრისტეს  ჯარისკაცებმა დაწნული გლედიჩიას ეკლის გვირგვინი დაადგეს, ამის   შემდეგ ამ ეკალს  ქრისტეს გვირგვინი ჰქვია.              ლერწამი – ჯვარცმის დროს ჯარისკაცებმა აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში იესოს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა აიღო ღრუბელი, გაჟღენთა ძმრით, წამოაგო ლერწამზე და  მიაწოდა სასმელად.  ამიტომ მაქვს ბაღში დეკორატიული ლერწამი…
შროშანა, ანუ მარიას ცრემლები უფლის ბაღში ჯვარცმასთან ქრისტესისხლას გვერდით მაისში ყვავილობს შროშანა, რომელსაც ცრემლებივით დაკიდებული  პატარა თეთრი ყვავილები აქვს. თქმულების მიხედვით,  მას მარიას ცრემლებს უწოდებენ. როდესაც მარიამ ღვთისმშობელი ტიროდა ჯვარცმასთან, მისი ცრემლებიდან, რომელიც მიწაზე ხვდებოდა, ამოვიდა შროშანა, რომელსაც მეორენაირად, თქმულების მიხედვით, მარიას ცრემლებს უწოდებენ.  მარიას ცრემლები ჰქვია აგრეთვე ჩალამძივას. როდესაც ჩალამძივას თესლები დამწიფდება, კრეფენ და მისგან საეკლესიო სამკაულებს  აკეთებენ, მძივებს  ჯვრისთვის, სამაჯურებს და სხვა.
ბაღი სეზონურია და მასში 120-მდე ყვავილი ყვავის.
– ვიცი, რომ თქვენს ბაღში სასწაულებიც ხდება…
-კი, მოხდა, როდესაც ჯვარცმა გავაკეთე, ვაპირებდი ქრისტესისხლას მოტანას, რადგან მასზე ასეთი ლეგენდა არსებობს: როდესაც ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე, იმ ადგილას, სადაც შუბლიდან ჩამოწვეთილი სისხლი მიწას ეწვეთებოდა, ამოვიდა ქრისტესისხლა. მართლაც, მის ტოტებს თუ გადავტეხავთ, მოდის მოყვითალო-მოწითალო სითხე. ხალხმა ამ  მცენარეს ქრისტესისხლა უწოდა. ქრისტესისხლა გამოიყენება მედიცინაში. სწორედ ქრისტესისხლა ამოვიდა თავისით ჯვარცმის გვერდით.
მეორე სასწაული – როცა ბაღის გაშენება დავამთავრე და დაღლილი შევედი სახლში, ამ დროს მეზობელმა დამიძახა, ნახე, ცისარტყელა როგორ ადგას შენს ბაღსო. გამოვედი გარეთ და დავინახე ჩემს ეზოზე მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე გადავლებული ცისარტყელა, ძალიან ფართო ზოლებით. გავვოცდი და დავურეკე შვილიშვილს, ახლობლებს – ნახეთ, ცისარტყელა რა დაბლა არის-მეთქი…. ჩვენს ქუჩაზე ყველა გარეთ იყო გამოსული და  ამ სასწაულს უყურებდა.
საღამოჟამს, გამახსენდა ბიბლიიდან, როდესაც ნოემ სამადლობელი მსხვერპლი შესწირა ღმერთს, ღმერთმა  კეთილად მიიღო ნოეს მსხვერპლი და აღუთქვა, რომ წარღვნა აღარ იქნებოდა, თავისი აღქმის ასრულების  ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.
მეც ცისარტყელა მივიჩნიე იმის ნიშნად, რომ უფალმა მიიღო უფლის ბაღი  ჩემგან.
ვერხვი არ დგას თქვენს ბაღში? ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე გაკრეს, ვერხვის ხისგან იყო გაკეთებული. იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ, ვერხვი აღმოჩნდა ერთადერთი ხე, რომელმაც არ დახარა თავი...
– ვერხვი  საკმაოდ დიდი ხეა, ამიტომ ჩემს ეზოში დიდი ხის ადგილი არ არის. ჯვარცმაზე მარტო ქრისტეს გვირგვინია, ჯვარი კი ცალკე მაქვს დაფნის ხისაგან, ტოპიალური ხელოვნებით გაკეთებული.
ვარდზე ამბობენ, ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდაო… თეთრი ვარდი ქრისტიანულ სიმბოლიკაში ქალწულ მარიამს განასახიერებს… ღვთისმშობელს უეკლო ვარდადაც მოიხსენიებენ… ვარდი სამოთხის ბაღში ხარობდა და ეკლები ადამ და ევას დაცემის მერე გაუჩნდა… როგორი ვარდები ხარობს თქვენს ბაღში?
– ჩემს ეზოში არის რამდენიმე ჯიშის და სხვადასხვა ფერის ვარდები. მაქვს აგრეთვე უეკლო ყვითელი ფერის ამყოლი ვარდიც.           თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე…
–   ჩემი ყოველი დღე ყვავილებით იწყება და ყვავილებით მთავრდება. პარალელურად  ვაკეთებ ოჯახის საქმეებს.
– თქვენს ბაღში სიმბოლურად არის მაყვალიც, სინაის მთაც, ცხვრის კერამიკული ნაკეთობაც…
– სწორედ მცენარე მაყვალი არის პირველად ნახსენები ბიბლიაში, რითაც მაცხოვრის შობით ძველი აღთქმის საიდუმლოებები აღსრულდა. მოსე წინასწარმეტყველმა სინას მთაზე მაყვლის  ბუჩქი იხილა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. მოსე, სინას მთაზე მწყემსად ამოჰყვა ცხვარს, ამიტომ მაქვს მაყვალთან დადგმული კერამიკის ცხვარი.  როცა ეს გასაოცარი მოვლენა იხილა და სწორედ აქ ინება ღმერთმა კონკრეტული სახით სჩვენებოდა მოსეს და იქ  პირველად მოსემ იხილა ქრისტეშობის საიდუმლო. ამიტომაც მაქვს ბაღში მაყვლის ბუჩქი.
თქვენს ბაღში ხარობს მცენარე – ქრისტეს ბეჭედი…
– არსებობს ასეთი მცენარე – ქრისტეს ბეჭედი  და მაქვს უფლის ბაღში, მაგრამ არ  ვიცი, რატომ ჰქვია ქრისტეს ბეჭედი, ალბათ გავარკვევ.
სანთლის ფუნქცია რუდბეკიას მიანიჭეთ… რატომ?
– მინდოდა ბაღში ყვავილები სანთლებივით ყოფილიყო ანთებული სიმბოლურად, რომელიც ცეცხლივით ყვითელი და ხანგრძლივად მოყვავილე იქნებოდა და ასეთ ყვავილად რუდბეკია შევარჩიე, ის ჩემს წარმოსახვაში ქრისტესთვის დანთებულ სანთელს მაგონებს. ბაღს სწორედ რუდბეკია აქვს შემოვლებული.
– ოჯახი…
– მყავს ერთი შვილი,  პროფესიით ექიმი ხათუნა ნიჟარაძე, რომელიც ერთ-ერთი ფირმის მენეჯერია, მე-12 კლასელი შვილიშვილი ლინა ქაჯაია. მისი არჩევანიც ექიმობაა.
–  თქვენი ბიბლიური ბაღი ალბათ ერთადერთია საქართველოში…
– დიახ, გადაჭარბებულად თუ არ ჩათვლით, ერთადერთია საქართველოში  (ბაღზე პატენტიც მაქვს) და არ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში,  მოვიძიე და არსად ასეთი თემატური ბაღი არ არის. რაც შეეხება ჩემ ბაღს, ამის შესახებ ბევრმა არ იცის, იქნებ თქვენი გადაცემის შემდეგ მაინც დაინტერესდნენ მორწმუნეები.
ამ ეტაპზე ვერ შევძელი ბაღის პოპულარიზაცია, ასაკიდან გამომდინარე. არ აინტერესებს  სამღვდელოების წარმომადგენლებს. ბაღზე სტატია იყო ჟურნალ „საპატრიარქოს უწყებანში“ და არცერთ მოძღვარს არ ჰქონდა წაკითხული. ასეთი ბაღი საზღვარგარეთ რომ არსებობდეს, გაშუქება არ მოაკლდებოდა. მადლობა მათ, ვინც დაინტერესდა და კარგი სიტყვები მითხრა, უფალი ჰფარავდეთ მათ….

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები