აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ყოფნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ევროპის ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპაში სადღესასწაულო ღონისძიებებისა და ფესტივალების დროს.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ბოლო გახმაურებული ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში აჩვენებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, „ალ-ქაიდას“ და მათთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შესწევთ უნარი, დაგეგმონ და განახორციელონ თავდასხმები ევროპაში. აშშ-ის მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტები და ექსტრემისტები თავდასხმის ობიექტად ხშირად ირჩევენ დიდ მაღაზიებს, სატრანსპორტო კვანძებს და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.
გაფრთხილება 2018 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ტურისტულ ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებში, სავაჭრო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო და სამთავრობო დაწესებულებებში ყოფნისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები