ლადო ბოჟაძე: პირველი არჩევნები იყო, როდესაც საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა საარჩევნო მიზნებისთვის

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა ორგანიზებულად ჩაიარა, თუმცა, მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემა კვლავ იყო.
როგორც ლადო ბოჟაძემ განაცხადა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზეც დაფიქსირდა, მაგრამ მათი ქონება ან ფინანსები არ ყოფილა გამოყენებული.
“ეს თვითმმართველობის არჩევნები შედარებით უფრო ორგანიზებული იყო, ვიდრე სხვა არჩევნები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემა. მეორე ტურზეც იყო პროცედურული დარღვევები და ის საჩივრები, რომლებიც დაიწერა პროცედურული საკითხებთან იყო დაკავშირებული. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევქმნათ გარკვეული ბაზა ადამიანების, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ მომავალი არჩევნები უფრო კვალიფიციური იყოს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ახლდა, თუმცა იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა სხვა არჩევნებზე და მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეაგირება იყო ძალიან პრინციპული. პირველი არჩევნები იყო, როდესაც საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა საარჩევნო მიზნებისთვის და არავის არ უთქვამს, რომ თვითმმართველობის დონეზე ან ცენტრალური ხელისუფლების დონეზე განხორციელებული რაიმე ღონისძიება და დახარჯული ფინანსები პირდაპირ უკავშირდებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის მხარდაჭერას. ადმინისტრაციული რესურსების ქონება ან ფინანსები, არჩევნებისთვის არ ყოფილა გამოყენებული”,-აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
მან არჩევნების დღეს დაფიქსირებულ სიახლეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული პირები თავიანთ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ და სამაგიდო სიების გადამოწმება ხდებოდა.
“უარყოფითი რაც ამ არჩევნებზე, უშუალოდ არჩევნების დღეს იყო,
– პირველად მოხდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები ან არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ და სამაგიდო სიების გადამოწმება ხდებოდა, ვინ მოვიდა და ვინ არა არჩევნებზე. ამ შემთხვევაში რეგისტრატორებს ხელი ეშლებოდათ მუშაობის პროცესში. ბუნებრივია, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს ეს მეთოდი. როგორი არჩევნები ტარდება ქვეყანაში, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება”,-განაცხადა “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლადო ბოჟაძემ იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ კენჭისყრის დღეს და არამარტო, – ნაკლები ძალადობის ფაქტები და საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობები დაფიქსირდა. მისივე შეფასებით, ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი იმ ფონზე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან რთული არჩევნები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები