ბელარუსის ვიცე-პრემიერი კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ბოლნისში,  დაბა კაზრეთში  საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კაზრეთში არსებული ყველა ძველი ლიფტის,  ბელარუსში წარმოებული ახალი ლიფტებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.  რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლები ახალი ლიფტით უკვე სარგებლობენ.

შესრულებული სამუშაოები დელეგაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა და მხარის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ გააცნეს.

“ბოლნისში იმ სამუშაოების შედეგებს ვეცნობით, რომელიც ორ სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში გაკეთდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პროექტია, რომელიც ათეულობით ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მათი სოციალური ფონის ამაღლებას”,-განაცხადა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა ბოლნისში ვიზიტისას.

პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე დაგეგმილია 30 ლიფტის განახლება, ხოლო მომავალ წელს დარჩენილი ნაწილის სრულად რეაბილიტაცია. პროექტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე, ლიფტების კეთილმოწყობის პროექტში კერძო სექტორიც ერთვება. რამდენიმე ერთეული ლიფტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია  ARG  და PSP დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები