გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა, ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, პირველი ოფიციალური შეხვედრა დანიის პარლამენტის სპიკერთან, პია კიაერსგაარდთან გამართა.
ორმხრივ შეხვედრაზე, რომელიც დანიის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს, რაც ასამბლეის ბიუჯეტის შედგენაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გიგი წერეთელმა დანიის პარლამენტს, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მასპინძელია, მადლობა გადაუხადა.
დანიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო განზომილებაში არსებულ გამოწვევებზე, კავკასიასა და უკრაინაში არსებულ კონფლიქტებზე და მიგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, გიგი წერეთელმა პია კიაერსგარდს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ბიუროს სხდომებზე მიიწვია.
დანიის პარლამენტის სპიკერთან გამართულ შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა და გენერალური მდივნის მოადგილე გუსტავო პალასი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები