გიორგი მარგველაშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან შეხვედრა გამართა, რომლებიც საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შვედეთი და პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატორი ქვეყნები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

“საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმას, თუ როგორია მოლოდინები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციული პროცესის დინამიკა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უსაფრთხოების საკითხებს, იმ როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩები პოლონეთსა და შვედეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები