6 თვის გასვლის შემდეგ უპატრონო ან ამოუცნობი გვამის სასწავლო და სამეცნიერო მიზნით გამოყენება იქნება შესაძლებელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის ცვლილებებზე, რომელიც სასწავლო დანიშნულების მიზნით უპატრონო გვამების დონაციას შეეხება, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ცვლილებებით ახლებურად განისაზღვრა ამოუცნობი და უპატრონო გვამების დეფინიცია. ასევე ცვლილებები კანონის 1121 მუხლსაც შეეხო, რომლის თანახმადაც სასწავლო ან სამეცნიერო კვლევების მიზნით უპატრონო ან/და  ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები დაზუსტდა. კერძოდ, გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები უზრუნველყოფენ გვამის შენახვას, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელი ხდება გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურის სასწავლო და სამეცნიერო მიზნით გამოყენება.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კონცეპტუალურად გვამის დონაციის სამეცნიერო სფეროში გამოყენება მნიშვნელოვანია, თუმცა კომიტეტი, საკითხის ირგვლივ, დამატებით კონსულტაციებს გააგრძელებს, როგორც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების მიზანია, იმთავითვე გამოირიცხოს ყველა ის ნიუანსი, რამაც შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვის თაობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონებში დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტებზე კომიტეტის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან კონსულტაციები გამართა და მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცესი დროებით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები