პაატა ბაირახტარი: დღევანდელი ეროვნული ვალუტის გაუფასურება დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული

“თუ გადავხედავთ რეგიონში არსებულ ვითარებას, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე ახდენს ზეგავლენას წესრიგშია, ნეგატიურისკენ არაა მიმართული”, – ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები განმარტა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.
“ლარის კურსის ბოლო დღეების მონაცემებს თუ დავაკვირდებით მცირე რყევებს და ჯანსაღ პროცესებს ნამდვილად სცდება. ზოგადად, როდესაც ვალუტის გაუფასურებასთან და რყევებთან გვაქვს საქმე, ძირითადად ორი ფაქტორია, ფუნდამენტური და საგარეო ან მოკლევადიანი და საშინაო. თუ გადავხედავთ რეგიონში არსებულ ვითარებას, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე ახდენს ზეგავლენას, წესრიგშია, ნეგატიურისკენ არაა მიმართული. რაც თავის მხრივ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ეროვნული ვალუტა გაუარესებული იყო და ეს რყევები გამორიცხულია გამოეწვია საგარეო ან ფუნდამენტურ ფაქტორებს. აქედან გამომდინარე, გვრჩება მხოლოდ საშინაო მოკლევადიანი ფაქტორები და ე.წ აჟიოტაჟური კურსის ეფექტი”,-განაცხადა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა.
პაატა ბაირახტარმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს და ქმედითი ნაბიჯები დროულად გადადგას. მისივე თქმით, დღევანდელი ეროვნული ვალუტის გაუფასურება დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული.
“ზოგადად, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ არჩევნების და ზაფხულის ეკონომიკის შემდეგ ეროვნული ვალუტა შედარებით თმობს პოზიციებს, ამიტომ ბაზარზე მივიღეთ აჟიოტაჟური კურსი. ამას დაემატა ინფორმაციული ვაკუუმი, რაც ეკონომიკურ გუნდს ცენტრალურ ბანკსა და საზოგადეობას შორის არსებობს. როდესაც საზოგადოებასთან არ არის სწორი კოორდინაცია, ყოველთვის ვიღებთ ასეთ შედეგს.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს რაიმე ძირეული და ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის დღევანდელი კურსი განაპირობა, აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეროვნული ვალუტა დაუბრუნდეს იმ ფუნდამენტური პრინციპებით ნაკარნახებ რეალურ წონასწორობის წერტილს, რომელსაც ეს ფუნდამენტური ფაქტორები გვკარნახობს. აუცილებელია, მან მანამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, სანამ ბაზარზე ერთგვარი შოკური ეფექტი გვექნება. დღევანდელი სიტუაცია კი, დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული”, – აღნიშნა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები