გიორგი აბაშიშვილმა დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართული” გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქართული პროდუქციის დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართული” კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გიორგი აბაშიშვილმა თვის განმავლობაში გამოვლენილ გამარჯვებულებს, მათ შორის, 5 ყრუ პირს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატი გადასცა.

“ყოველი შემდგომი თვე აჩვენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული” სულ უფრო პოპულარული ხდება. ერთი მხრივ, არიან ერთგული მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად, სულ წარმატებულები არიან ამ კამპანიის ფარგლებში შეძენილი ქართული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში აქტიურად ერთვებიან ისინი, ვინც სულ ახლახანს დაიწყეს ამ ბარათებით სარგებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე სოციალური საწარმო შემოუერთდა კამპანიას და პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 900 000 ლარს გაცდა დაგროვებით ბარათზე დაფიქსირებული მაჩვენებლები. დარწმუნებული ვარ, რომ ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გამარჯვებულებმა ასევე მიიღეს სპეციალური პრიზები 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან. დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული” საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათია, რომლის ფარგლებშიც ქართული პროდუქციის შეძენისას ვირტუალური ქულები – “ქართულები” გროვდება.

მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული “ქართულების” მიხედვით ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი “ქართულების” ოცეულის გამოსავლენად. პროექტი, რომლის ფარგლებშიც დამზადდა დაგროვებითი ბარათი და ტარდება გამოფენები, მიზნად მეწარმეთა მარკეტინგულ მხარდაჭერას, პროდუქციის გაყიდვების ზრდას და მომხმარებლის წახალისებას ისახავს.

დღეიდან პროექტის პარტნიორები გახდნენ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი. მათი ეგიდით წარმოდგენილი იქნება 15-მდე კომპანია.

პროექტის პარტნიორი 130-მდე კომპანიაა, მათ შორის, 6 სოციალური საწარმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები