ახალი Toyota Land Cruiser Prado უკვე საქართველოშია!

მუხრან ბატონის ისტორიული სამოსახლო, ახლა კი „შატო მუხრანი “ – როგორც ძველი, ასევე ახალი, საინტერესო ისტორიებით, უკვე დიდი ხანია თავს იწონებს. არსებულ ლოკაციას ერთდროულად, სიძველის სურნელი და თანამედროვე მინიმალიზმის შერწყმა, უნიკალურს და მიმზიდველს ხდის.
ძველებური ელფერით განახლებული დიდი ჭიშკარი, თანამედროვე კონსტრუქციის მექანიზმის გამოყენებით გაიღო და უსასრულოდ დიდ, შემოდგომის ფერებითა და სურნელით მოცულ ტერიტორიაზე, ადამიანის თვალი ესტეთიკური შთაბეჭდილებების აღქმას ვერ ასწრებდა, თუმცა სრული, ულამაზესი პეიზაჟის ფონზე, ყურადღება ორმა ავტომობილმა მიიქცია. ჩვენი მედია-ტურის მთავარი გმირი სწორედ ის იყო – ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, უკვე მრავალი წლის წინ შექმნილი ავტო-ბრენდის, 2018 წლის სახეცვლილი მოდელი – „Toyota Land Cruizer Prado”-ს პრეზენტაცია.
პირველად დამწყდა გული, რომ მას პერსონალურად ვერ გავიცნობდი და ე.წ „ტესტ-დრაივს“ ჩემი კოლეგა შეითავსებდა.
პრეზენტაციის საკონფერენციო ნაწილი ისტორიის სუნით გაჟღენთილ დარბაზში შედგა. დეტალური ინფორმაცია კომპანია “ტოიოტას” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის – “ტოიოტა-პრადოს” განახლებული მოდელის წარდგენას მოიცავდა.
ავტომობილი, რომელსაც შეგიძლია საკუთარი უსაფრთხოება თვალდახუჭულმა ანდო, ვიზუალურად კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით განახლდა და გაძლიერდა. უამრავმა სიახლემ, რომელიც კომპანიამ ამ მოდელის მოყვარულთათვის შეიმუშავა და პრაქტიკაში განახორციელა, ავტომობილის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტი გამძლეობა და სანდოობის ფაქტორი შესძინა.
აღნიშნული ბრენდის მიმართ მომხმარებლის ინტერესი, მისი დაარსების დღიდან იმდენად სწრაფად მზარდია, რომ ის დღეისათვის უკვე ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაშია ლიდერი.
“ტოიოტას” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საინტერესოდ და ორიგინალურად წარადგინეს სანდო და რესპექტაბელური ავტომობილი. მნიშვნელოვანი იყო ყველა ის სიახლე, რომელიც “ტოიოტას” ახალ მოდელს სიმაღლეების დასაპყრობად ნამდვილად გამოადგება.
ვიზუალური ნაწილი პრეზენტაციის ლოკაციის ადგილის უნიკალურობის მსგავსად, წარსულიდან არის გადმოტანილი და გათანამედროვებული (განახლებულია საჭე, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელების საჭეების მსგავსია. ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია, სალონის პრემიუმ-ხარისხის გაფორმებას აგვირგვინებს – „Silver Hairline“, მეტალისებური ტექსტურით დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის დამუშავებას და სრულიად ახალ მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება).
რაც შეეხება ტექნიკურ სიახლეებს, „Toyota Land Cruiser Prado“ რთულ რელიეფურ პირობებში შეუდარებელია! ამის მიზეზი კი, რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მდგრადობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.
ახალი „Land Cruiser Prado“-ს გამავლობის შესაძლებლობები რთულ რელიეფურ პირობებში კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი Torsen Limited Slip (LSD).
მისი ყველგანმავალის Multi-terrain Select System (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode-ის“ (ავტომატური რეჟიმი) დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში და აქვს 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი („Crawl Control“) – ე.წ. ცოცვის ფუნქციით. ხოლო „Multi-terrain Monitor“ ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არამარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.
კონფერენციის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს გაგონილის ხილვა და ამ საუცხოო მოდელის ახლოდან გაცნობის დიდი ინტერესი მოსვენებას არ აძლევდა. რამდენიმე წუთში გარე ლოკაციაზე, სადაც საოცარ მდელოს „ქუჩის მსახიობების“ იმპროვიზირებული მინი-წარმოდგენები სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა, ცნობისმოყვარე მედიის წარმომადგენლებმა ოპერატიულად დალაშქრეს და „ტესტ-დრაივის“ ცოცხალ სიაში, სიამოვნებით ელოდნენ საკუთარ რიგს.
წალამზე შემწვარი მწვადის სურნელი, თონეში სახელდახელოდ ჩაკრული შოთის პურები და ქართულად შეკმაზული კიტრი-პომიდვრის სალათი, საოცარი მუსიკა – ღონისძიების ორგანიზატორებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა “ტოიოტა-პრადოს” ახალ მოდელზე ნაკლები კომფორტი არ შეექმნათ დამსწრე საზოგადოებისთვის.
“ტესტს-დრაივმა” წარმატებით ჩაიარა. გამოცდილი, თუ გამოუცდელი ჟურნალისტები ერთმანეთს დღის ბოლომდე უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, აღიარებდნენ ახალი ავტომობილის უნიკალურობას და ყველა იმ უპირატესობას, რის გამოც ნამდვილად ღირს, საკუთარ თავს უფლება მისცე, დაიპყო ახალი სიმაღლეები და კომფორტის გარდა, უზრუნველყო საკუთარი თავის უსაფრთხოება 100%-დან 100%.
გილოცავთ – „Land Cruiser Prado“ – უკვე საქართველოშია!!!
ინფორმაცია, როგორც ახალი პრადოს, ასევე “ტოიოტას” ოფიციალური დილერების შესახებ (“ტოიოტა” ცენტრი თბილისი და “ტოიოტა” ცენტრი -“თეგეტა”) ხელმისაწვდომია “ტოიოტას” ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge

ანა ჩანგიანი – მედიაჰოლდინგი „კვირა“

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები