მამუკა მდინარაძე: საქართველო უსაფრთხოა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში
„საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში“ – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არასდროს ისე არ ყოფილა დაცული, როგორც ახლა არის.
მდინარაძემ მარტვილის გამგებლობის კანდიდატზე, ალექსანდრე გრიგალავაზე ისაუბრა, მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ასევე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
”მინდა ბატონ ალეკოს წარმატება ვუსურვო. არის ბევრი წარმატება, ასევე პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს და ამისათვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ამაში რა თქმა უნდა ვერავინ გვეტყვის საყვედურს და მთავარია გულწრფელად გვინდოდეს და გავაძლიეროთ ერთმანეთი”, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებლის 37 პოზიციით გაუმჯობესებაზე.
”ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში. არასდროს, საქართველოში, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ასე არ ყოფილა დაცული, როგორც ახლა. ამას ეს ახალი კვლევაც მოწმობს. ბევრი წარმატება გვქონოდეს ჩვენ. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით მივაღწევთ წარმატებას. 12 ნოემბერს ყველა დავირაზმოთ და მხარი დავუჭიროთ ბატონ ალეკოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.