სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

 „ოფთალმიჯის“ არტგალერეაში (დიღომი, ნინო ჯავახიშვილის ქუჩა № 7) სიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
კოლექცია, რომელიც უნიკალურ ფერწერული ტილოებსა და სკულპტურებს აერთიანებს, მხატვრის ანდერძის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს სიმონ დადიანის მემკვიდრეებმა – მიშეილ და ლია ვოდეებმა გადასცეს. აღნიშნული კოლექცია, სხვადასხვა დროს, ნიუ-იორკის მონტროსის, სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმსა და სან-ფრანცისკოს ნახატების გალერეებში იყო გამოფენილი. სიმონ დადიანმა სიცოცხლეშივეგამოთქვა სურვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მის სამშობლოს გადასცემოდა. სწორედ ამიტომ, 20 აბსტრაქტული და რეალისტური ფერწერული ტილო, 2 სკულპტურასთან ერთად, ხელოვნების სასახლეში იქნება დაცული, 4 კვირის განმავლობაში კი, ექსპოზიცია „ოფთალმიჯის“ არტგალერეაში იქნება წარმოდგენილი.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფომ, კერძოდ, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვანის – სიმონ (პეტრე) დადიანის უნიკალური კოლექცია მიიღო, ხელი მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2017 წლის 22 სექტემბერს, პარიზში მოეწერა.
მხატვრის მემკვიდრეობის საქართველოს ხელოვნების სასახლისათვის გადაცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. სამინისტრო ასევე კოორდინირებას უწევდა ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს.
ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება სიმონ დადიანის ნათესავის – მია ღვინიაშვილის ინიციატივით განხორციელდა. ტრანსპორტირების, ნიმუშების შეფუთვისა და სათანადო უსაფრთხოების აღჭურვის ხარჯები ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარემ არჩილ გელოვანმა უზრუნველყო.
კოლექცია დიპლომატიური ტვირთის სტატუსით საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გამოაგზავნა და პროცესს პატრონაჟს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები