აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ათეულშია

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის – ,,Doing Business 2018”-ის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ხარისხის მიხედვით მე-16 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. უწყების მიერ ბოლო წლების განმავლობაში სისტემის სწორად ფუნქციონირებამ ამჟამინდელი წარმატება განაპირობა.
Doing Business 2018 ანგარიშის მიხედვით, გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც დაწინაურდა. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში 106-ე ადგილიდან 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს. განხორციელებული რეფორმების შედეგად გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი, მოვალისთვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა, პროცესში კი მხარეთა ჩართულობა და ინფორმირებულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები