მეგის ქარდავას მამა: ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს

„ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს“ – აცხადებს უკრაინაში დაკავებული, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მამა, სერგო ქარდავა.
როგორც სერგო ქარდავამ „პირველ არხს“ განუცხადა, მას შვილი იშვიათად ურეკავდა.
„იშვიათად გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რასაც ჩემზე ამბობენ, სისულელეა და ყველაფერი გაირკვევაო. უკრაინაში დაკავების შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია ვიცი, რაც მედიაში გავრცელდა. დაკავებამდე კავშირი არ მქონდა. ის ბრალდებები, რაც მას აქვს, სულელების მოგონილია. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის და ამას ყველა გაიგებს“, – განაცხადა სერგო ქარდავამ.
მისი თქმით, მეგის ქარდავა ოჯახს იშვიათად ეკონტაქტებოდა, მაგრამ მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდა.
სერგო ქარდავას თქმით, მეგის ქარდავა ოჯახის წევრებს ეუბნებოდა, რომ მის შესახებ რასაც ამბობდნენ, სისულელე და ტყუილი იყო, რაც მალე გაირკვეოდა.
კითხვაზე, მაშინ რატომ წავიდა საქართველოდან, სერგო ქარდავამ აღნიშნა, რომ მისი შვილი ამას თავად იტყვის.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები