გახმაურებული საქმეები მეგის ქარდავას მონაწილეობით – რა სასტიკ დეტალებზე საუბრობენ დაზარალებულები

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას სახელი, რომელიც გუშინ  უკრაინაში  დააკავეს, საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.
იგი ინტერპოლის მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.

მთავარი პროკურატურის გამოძიების მასალებით, მეგის ქარდავა ბრალდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და 27 წლის ბელა როგავას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. გარდა ამისა, მეგის ქარდავას სახელი უკავშირდება „ციხის ბუნტს“,  „ნავთლუღის სპეცოპერაციას“, „კასრების საქმეს“   და კიდევ რამდენიმე გახმაურებელ საქმეებს.
აღსანიშნავია, რომ  ზოგიერთ შემთხვევებზე, მეგის ქარდავას, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე, სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად  გამოუტანა.

ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, მეგის ქარდავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)  და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.

27 წლის ბელა როგავას საქმე –   ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ  და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.  ქარდავას ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით ქონდა წარდგენილი. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით, სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,  ასევე  2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება  და ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარი.
სასამართლოზე დადგენილ იქნა,  რომ  შს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეგის ქარდავამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის , აღიარებითი ჩვენებისა და თანამონაწილე პირთა დასახელების მიზნით  ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი სასტიკად  აწამა.

„კასრების საქმე“ – თბილისის საქალაქო სასამართლომ  მეგის ქარდავა სხვა ბრალდებულებთან ერთად  დამნაშავედ ცნო  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულით.

მალხაზ არქანიას საქმე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის N8 დაწესებულებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავას მხრიდან, ასევე N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ოლეგ ფაცაციასა და N8 დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან, 2011 წელს პატიმარ მალხაზ არქანიას მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ ცემასა და წამებას, რათა მას ეღიარებინა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მიღება. ბრალდებულები: მეგის ქარდავა, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.

ელდარ ქობალიას საქმე  – 2011 წლის 04 აპრილს, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულნი და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებულნი იქნენ ელდარ ქობალია და კობა მატკავა. საპყრობილეში შესახლების შემდეგ, N8-ე დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ელდარ ქობალია 6 დღის მანძილზე განთავსებულ იქნა ე.წ. „ფუქსში“, რომელიც წარმოადგენდა პატიმართა საკანში განაწილებამდე მცირე დროით მოთავსების ოთახს. 2011 წლის 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, სასტიკად აწამეს ისინი. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც, ალექსანდრე მუხაძის ბრძანებით ე. ქობალია გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულები: გაგა მკურნალიძე (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), მეგის ქარდავა (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), ალექსანდრე მუხაძე (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) .

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა.

როგორც გამოძიებით ირკვევა, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მეგის ქარდავამ 2012 წლის 1 თებერვლიდან 6 ივლისამდე პერიოდში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილებიდან ფარული ხარჯების მუხლით, ოპერატიული ღონისძიების მიზნით გამოყოფილი სხვადასხვა ოდენობის თანხების ეტაპობრივად უკანონოდ გატანის გზით მიითვისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 496 273 ლარი.  მანვე, 2012 წლის 21 თებერვლიდან 2012 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, ასევე ეტაპობრივად გაფლანგა იმავე მუხლითა და იმავე მიზნით გამოყოფილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 188 000 ლარი. ჩადენილი დანაშაულისათვის მეგის ქარდავას დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

ელბერდ კობერიძის საქმე –  საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,   ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს,  ქ.ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა – გიორგი სამუშიამ,  ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს,  იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ა/ამანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ.თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.
მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე – დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე – გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი – რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით,   ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა წამება, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ,  მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში  უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული.
მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა.

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით.

2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე.  სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა.
აღნიშნულ საქმეზე,  საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და  რომან შამათავა,  ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ამჟამად, მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები