მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი ალიბეგაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამომავლო მუშაობისთვის არის მნიშვნელოვანი. მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის დანერგვის ხელშეწყობაზე, დაისახა სამომავლო გეგმები ენის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედებასთან და მის ძირითად ფუნქციებთან და სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარა.
„დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. პირველ რიგში, ვისარგებლე შემთხვევით და პირადად მივულოცე მას უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგინება. ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის დანერგვის ხელშეწყობაზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, მის ძირითად ფუნქციებთან და სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკითხებს, რომელიც ეხება ტერმინოლოგიური და სალიტერატურო ნორმების, კვლევითი საქმიანობის, საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური უმცირესობებისა და აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცულობის თვალსაზრისით განსახორციელებელ ღონისძიებებზე და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლების მიდგომები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ურთიერთთანამშრომლობის სრული მზაობა გამოხატა როგორც კანონის დანერგვის ზედამხედველობის, ასევე, უშუალოდ დეპარტამენტის საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით.
„ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება საქართველოში. მას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფუნქციები. როგორც სახელმწიფო ენის დაცულობის, ასევე განვითარების და საზოგადოებრივ და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით. მიხარია, რომ არის შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა და ჩვენის მხრივ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მზად არის ყოველმხრივ ხელი შეუწყოს კანონის დანერგვის პროცესებს და თუ შემდგომში იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განსახორციელებელი, მზად ვართ, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან და ენათმეცნიერებთან კოორდინაციით შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები ერთობლივად გადავდგათ,“-განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
თავის მხრივ გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. „დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა მარიამ ჯაშთან. დაისახა სამომავლო გეგმები.
ენის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებასთან დაკავშირებით, აქცენტები გაკეთდა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც მნიშვნელოვანია სამომავლო მუშაობისათვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე მივესალმები ჩენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და მივესალმები ქალბატონი მარიამის მხარდაჭერას და ვფიქრობ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა პარლამენტთან, განათლების სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან და დაწესებულებებთან მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები