მედიაციის სახლში აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე შეხვედრა გაიმართა

აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში, მედიაციის სახლს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ბელგიელი ექსპერტი ივო ერცენი ესტუმრნენ. სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი დაესწრნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათი ხედვა პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით გააცნეს და ივო ერცენის რეკომენდაციები მოისმინეს. საუბარი, ასევე შეეხო განრიდების პროგრამების ფარგლებში განმეორებითი დანაშაულის დათვლის მეთოდოლოგიას, ამ მიმართულებით კვლევის ევროპულ გამოცდილებას, განრიდების და სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამების მონიტორინგის მექანიზმებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობას განრიდების პროგრამების მონიტორინგის არსებული მექანიზმის რეფორმირებისა და უფრო ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებაზე იწყებს.
ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. ევროკავშირის მხარდაჭერით იგი 2014-2015 წლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მომავალი მედიატორებისათვის სერტიფიცირებული კურსის შექმნაში მუშაობდა. 2016 წლიდან „სისხლის სამართლის სფეროში მედიატორის“ პროფესიის დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრშია ხელმისაწვდომი. ამჯერად, პროფესორი ერცენი საქართველოს აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართალში ზრდასრულთა მედიაციის გაფართოების საკითხებზე იმსჯელებს.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები