ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა

2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

  • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
  • სიჩქარის გადაჭარბება;
  • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:

  • საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
  • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
  • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
  • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით.

 

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები