“არჩევნები, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მინდა ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალე არჩევნები იყო და ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული“, – განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ყველა მხარდაჭერს, ასევე მათ, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას – კარგი გაშუქებისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ ყველამ დაინახა განსხვავება… თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე ორიენტირებული, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები