“მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის მკვლელობის დაბრალება, არანაკლები მკვლელობაა”

“მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის მკვლელობის დაბრალება არანაკლები მკვლელობაა” – ამ სიტყვებით ეხმაურება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ტრაგედიას, როდესაც 34 წლის პაატა პავლიაშვილი დაკავებისას მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
„კვირა“ თეა პერტაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„შევეცდები, უფრო მარტივად დავწერო და განვმარტო. აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩემი პირადი გვერდია და სუბიექტური დამოკიდებულება. შსს-ს ოფიციალური განცხადებები police.ge-ზე ვრცელდება.
და მაინც, თუ ჩემს პირად პოსტებს საკუთარი ინტერპრეტაციების გასამყარებლად იშველიებთ, უმორჩილესად გთხოვთ, კონტექსტიდან ნუ ამოიღებთ სასურველ სიტყვათა წყობას, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება ან მინიმუმ, გამოვიტანოთ აზრი.
როდესაც მე ვწერდი – გამოვრიცხავ ინტერპრეტაციას – აქ საუბარია ფაქტის იმგვარ ინტერპრეტაციაზე, რომელიც იმ მომეტში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან გავრცელდა.
თუმცა იმავე პოსტსა და თანდართულ კომენტარშიც აღვნიშნავ, რომ უნდა დავლოდებოდით ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს, გვესაუბრა კონკრეტული მტკიცებულებებით. ეს არის ელემენტარული ლოგიკა და აღნიშნულს მკარნახობს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი, რომელიც ყველაზე ვრცელდება, მათ შორის, პოლიციელებზეც.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოინტერვიუებს, შსს-მ შემოგთავაზეთ უშუალოდ პირველადი კონფლიქტის მონაწილეების მიერ მოთხრობილი ამბავი – რა მოხდა მათი ხედვით და როგორ, რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები. აქ მთავარი იყო სწორედ ამბის ქრონოლოგია და არა რესპოდენტების სუბიექტური შეფასებები, თუ როგორ აღწერდნენ რიგ გარემოებებს და პირებს. მოცემული, ბუნებრივია, არ უნდა განვიხილოთ, როგორც სამართლებრივი მტკიცებულება. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და საქმეზე არსებული ყველა მასალაც მას გადაეცა.
და ბოლოს, ჩემი აზრით, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის მკვლელობის დაბრალება არანაკლები მკვლელობაა. ლინჩის სასამართლო „ლაივში“ „ – წერს თეა პერტაია.
ცნობისათვის, შს სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები