კახეთის რეგიონში ბიოუსაფრთხოების მესამე პუნქტი ამოქმედდა

კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების სამი პუნქტი მოემსახურება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ყვარელში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.

ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობის უმთავრესი მიზანია გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილებისა და, შესაბამისად, ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილება, რაც  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, მეცხოველეობის დარგის სტიმულირებასა   და  ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.

„მეცხვარეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის ჩვენ კომპლექსურ სამუშაოებს ვატარებთ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და საბოლოოდ სწორი ადმინისტრირება. ეს უკვე მე-5 პუნქტია  კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. დაგეგმილია კიდევ ერთი პუნქტის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყნის მასშტაბით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადაადგილების კონტროლს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ახლადგახსნილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი  გადასარეკი ტრასის სტრატეგიულად საკვანძო ადგილზე მდებარეობს, სადაც სეზონურ საძოვრებზე გადარეკვისას პირუტყვის ნაკადი  მაღალია.

ბიოუსაფრთხოების პუნქტი  ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი და ვეტპუნქტია განთავსებული. ბიოუსაფრთხოების პუნქტში  შესაძლებელია დღეში 3 ათასამდე  წვრილფეხა და აგრეთვე  მსხვილფეხა პირუტყვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება. ცხოველთა დამუშავებისას  გამოიყენება მაღალი  სტანდარტების  ინსექტოაკარიციდული პრეპარატები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები