ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ტალინში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა სიტყვით მიმართა.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ესტონეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის შემდგომი განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, განსაზღვრული პრიორიტეტის შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკის წარმოსაჩენად გაწეული ძალისხმევისთვის.

თეა ახვლედიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის უდიდეს მნიშვნელობაზე, მის ძირითადად პრინციპებსა და ფასეულობებზე ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება  აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე გაამახვილა და  პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან,  აქცენტი გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლზე საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის წინა პერიოდში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და ფორუმი 25-27 ოქტომბერს იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს არასამთავრობო წრეებისა და სხვადასხვა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იღებენ. ღონისძიება ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრისა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები