ვახტანგ ძაბირაძე: არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური სპექტრი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის

იმ პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს, უნდა იფიქრონ გადახალისებაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძაბირაძემ 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა.
„ფაქტიურად თვითმმართველობის შედეგებმა გაიმეორა ის მოცემულობა, რაც იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, განსაკუთრებით თბილისში დაფიქსირებულ მონაცემებთან დაკავშირებით: მაგალითად, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ხმების დაახლოებით 27%, ახლა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმები, რომ შევკრიბოთ დაახლოებით ამდენივე პროცენტი გამოდის, ფაქტიურად იგივე დარჩა შედეგი, უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი გაიყო, ანუ ამ ძალას ამომრჩეველი არც დაუკარგავს და არც დამატებია“.
ამასთან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ ჩამოყალიბდა, ბოლომდე ფორმირებული არ არის, არც ახალი ძალა გამოჩნდა, რომელიც მიიქცევდა ყურადღებას. ერთადერთი რაც ხაზგასასმელია ეს არის ელისაშვილის ფაქტორი, მან ამომრჩეველთა ხმების 17%- ი მიიღო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველში დაიწყო ახალი ძალის ძებნა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი უარს ამბობს პოლიტიკურ პარტიებზე ზოგადად, რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერთან ვერ მიდიან – უნდა მოხდეს გადახალისება, თავად პარტიებმა უნდა იფიქრონ გამოსავალზე, სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიცია საზოგადოებას მხოლოდ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში სთავაზობს რაღაც გამოსავალს“, -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები