პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო გადაეცა

ქალაქ აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა – შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის შეჯიბრზე ქართველი გუნდის მონაწილეობა საქართველოსთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება, ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად დაინერგება.
მისივე თქმით, შეჯიბრი ასევე ძალიან საინტერესო იყო ქართველი ექსპერტებისთვისა და დამკვირვებლებისთვის, რომლებიც ქართველ მონაწილეებთან ერთად, იმ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით იყენებენ.
„შეჯიბრი იმდენად რთული იყო, ბევრმა მონაწილემ სტრესს ვერ გაუძლო და კონკურსს მიმდინარეობის პროცესშივე გამოეთიშა. ჩვენმა ქვეყანამ კი, მიუხედავად მცირე წარმომადგენლობითი გუნდისა, ძალიან ღირსეულად შევასრულეთ ყველა დავალება, თითქმის იმ საერთაშორისო სტანდარტებს მივუახლოვდით, რომელიც ამ პლატფორმის მეშვეობით ინერგება. ეს კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარი გახდება“ – აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.
პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები