ქართველოლოგიის დღე ლონდონში ოცდამეათედ აღინიშნება

2 ნოემბერს ოცდამეათედ აღინიშნება ქართველოლოგიის დღე ვესტმინსტერის უნივერსიტეტში. მას ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაუდო სათავე ლონდონში მცხოვრებმა მეცნიერმა და მწერალმა თამარ დრაგაძემ.
მისი თაოსნობითა და დაუღალავი მზრუნველობით იგი ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება და გარკვეულ თემას ეძღვნება. წლევანდელი თემაა: „საქართველო ევროპაში“ და ყველა მომხსენებლის გამოსვლა ამ ჭრილში წარიმართება.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, მისასალმებელი და შესავალი სიტყვებით შეკრებილ აუდიტორიას მიმართავენ: ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მოქმედი ვიცე-კანცლერი, პროფესორი გრაჰამ მეგსონი, ვიცე-კანცლერის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრა ჰაგსი, დოქტორი თამარ დრაგაძე.
„თემით „საქართველოს ევროპული გზა“, ძირითადი მომხსენებელი იქნება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი. ამას მოჰყვება გაერთიანებულ სამეფოში პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის არკადი ჯოზეფ რჟეგოკის საუბარი: „ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საქართველო“. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პოლიტუკური მრჩევლისა და დირექტრთა საბჭოს წევრის ოლექსანდრ პავლიუკის გამოსვლა შეეხება საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ პარტნიორობას.
საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გაერთიანებულ სამეფოში კახი ქენქაძე „ევროპასთან ისტორიულ ხიდებზე“ ისაუბრებს. საელჩოს მრჩეველი ნელი შიოლაშვილი კი მიმოიხილავს „საქართველოს საკანონმდებლო ჰარმონიზაციას ევროკავშირთან“.
ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ლიდიარდი და დოქტორი ნინო ფორაქიშვილი თავიაანთ გამოსვლაში შეეხებიან „საგანმანათლებლო განზომილებას ევროკავშირ–საქართველოს თამანშრომლობაში“. ჩათემ ჰაუსის პროფესორი კატარინა ვოლსჟუკი „ევრაზიული ეკონომიური კავშირისა და ევროპის ცალმხრივი ბაზრის თავისებურებებზე“ გაამახვილებს ყურადღებას.
„ევროპული გავლენა ქართულ ანთროპოლოგიაზე“ – ამ თემით წარდგებიან საზოგადოების წინაშე თანამომხსენებლები, პროფესორი ლია მელიქიშვილი და დოქტორი თამარ დრაგაძე. ლონდონის ქართული კინოფესტივალის დირექტორი ჯეისონ ოსბორნი შეეხება „ქართული ფილმების გასვლას ევროპული კინოინდუსტრიის ბაზარზე“. „შექსპირი და ქართული თეატრი“ ასეთია ქეთევან ჯაფარიძის სასუბრო თემის სათაური. პიტერ ნეისმითი „საქართველოში ევროპულ არქიტექტურას“ განიხილავს თავისივე ფოტოების თანხლებით.
„ნიუკასლი-ახალციხე“ დამეგობრებული ქალაქები – მომხსენებელი დავით გიგაური იქნება. „ბრისტოლ-თბილისის მეგობრულ ურთიერთობაზე“ დერეკ პიკაპი ისაუბრებს. სონია ფიშერი კი „ნიუპორტ-ქუთაისის“ დამეგობრების ისტორიასა და ახლანდელ ვითარებას მომოიხილავს.
„ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ მიერ გაწეულ მუშაობასა და სამომავლო ამოცანებს შეეხება თავის გამოსვლაში ამავე საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ლორთქიფანიძე.
ქართველოლოგიის დღეზე უკვე წესისამებრ, საზოგადოებას წლეულსაც შეატყობინებენ პროექტ „მკურნალისთვის“ მთელი წლის განმავლობაში გაღებულ ქველმოქმედებას, რომლითაც მძიმე დავადებების მქონე ბავშვებს ეხმარებიან საქართველოში.
საიუბილეო ქართველოლოგიის დღეზე მოსული აუდიტორია ნახავს საგანგებოდ მომზადებულ სლაიდშოუს, რომელიც სამი დეკადის ქრონოლოგიას ასახავს. საიუბილეო კონფერენციის დასასრულს კი ქართული ღვინის მიღება გაიმართება.
ვულოცავთ ლონდონში ქართველოლოგიური კონფერენციის ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი მის დამფუძნებელსა და მფარველს ქალბატონ თამარ დრაგაძეს, რომელიც არც საქართვლოს სიყვარულით იღლება და არც მომავალი შეხვედრებისთვის ახალი თემების მოძიებით“, – აცხადებს „კვირასთან“ გიორგი ლალიაშვილი.
დასწრების მსურველებმა, 26 ოქტომბრამდე, წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია პიტერ ლიდიადთან  შემდეგ მეილზე: peterlydyard@gmail.com
დამსწრეთა რეგისტრაცია 2 ნოემბერს, ხუთშაბათს, დილის 9 საათსა და 15 წუთზე დაიწყება შემდეგ მისამართზე: ვესტმინსტერის უნვერსიტეტი The Boardroom 117, First Floor. 309 Regent Street, London W1B 2HM.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები