ალექსანდრე ჯავახიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი მონოგრაფია – „ბერიკლდეების ნასახლარი“ გამოიცა

„ბერიკლდეების ნასახლარი“, – ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემულ ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაშრომს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, მონოგრაფია „ბერიკლდეების ნასახლარი“ ალექსანდრე ჯავახიშვილის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა.
„ბერიკლდეების ნასახლარი არის მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს. 1979-1992 წლებში ძეგლზე ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილი ნასახლარზე ჩატარებული კვლევის შედეგების საბოლოო პუბლიკაციაზე მუშაობდა, რომელსაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები დიდი ინტერესით ელოდნენ. სამწუხაროდ, ავტორის სიცოცხლეში ვერ მოესწრო ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ წიგნში შესული მდიდარი საილუსტრაციო მასალა გრაფიკული ნახაზები, ფოტოები, ჩანახატები ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერაა შესრულებული. ცნობილი არქეოლოგი, ახალგაზრდობაში დაეუფლა სამხატვრო ოსტატობას, რასაც ცხოვრების ბოლომდე იყენებდა სამეცნიერო თუ საგამოფენო საქმიანობაში.
ალექსანდრე ჯავახიშვილი 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობით მეცნიერმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს უძველესი ისტორიის შესწავლის საქმეში. მის აღმოჩენებს ასევე უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ამის საუკეთესო მაგალითია ახლახან, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო მუზეუმში გახსნილი ქართული გამოფენაც, რომელიც მნახველს მდიდარი არქეოლოგიური მასალით აცნობს საქართველოში ვაზის კულტურის განვითარების უძველეს გზას. სწორედ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის შესწავლა, სადაც ჩნდება მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კერები“, – აცადებენ ეროვნულ მუზეუმში.
დიდია ალექსანდრე ჯავახიშვილს წვლილი სამუზეუმო საქმის განვითარებაშიც. მისი თაოსნობით გასულ საუკუნეში შეიქმნა არაერთი გამოფენა. მათ შორის, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოქროს ფონდის – „სეიფის“ და საქართველოს არქეოლოგიის გამოფენები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამეცნიერო კონცეფციასთან და სცენოგრაფიასთან ერთად, მეცნიერმა თავადვე მოამზადა მთელი საგამოფენო პაკეტი ერთიანი ხედვით – გზამკვლევი, პლაკატი და მოსაწვევი ბარათის ესკიზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები