„საპარტნიორო ფონდს“ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის “Frank Group”-ის დელეგაცია ეწვია

0

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ფონდში ისრაელის კომპანია “Frank Group”-ის აღმასრულებელი დირექტორი ეიად ფრანკი მიიღო. როგორც “კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, “Frank Group”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეიად ფრანკმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის მნიშვნელობას. აქცენტი საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ წარმოების განვითარებისთვის საქართველოში საუკეთესო პირობებია.
შეხვედრაზე კომპანია “Frank Group”- ის დელეგაციის წევრებმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა “Frank-Group”-ის წარმომადგენლებს ფონდის სტრატეგია, მანდატი და მიმდინარე პროექტები გააცნო. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და ქვეყანაში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
ისრაელის კომპანია საქართველოს ინდუსტრიისა და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყანაში “Frank Group”-ის წარმოების დაწყებას გეგმავს. ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის სხვა წევრებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართა.
ცნობისათვის, “Frank Group”-ი 200-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ჰოლდინგია. ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი ძირითად საქმიანობას წარმოების, უძრავი ქონების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი