კახა კალაძე: არჩევნების დროს არის ერთმანეთის შეურაცხყოფა და ქილიკი, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ჩვენს პოლიტიკურ კულტურას თუ დავაკვირდებით, არჩევნების დროს არის ერთმანეთის შეურაცხყოფა და ქილიკი, ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩავაბაროთ,-აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კალაძის განცხადებით, ეამაყება, რომ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სარწმუნოებას და ეროვნებას არ ეკითხებიან.
„ყველა პოლიტიკური პარტია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთმანეთში ვიპოვოთ განსხვავებები. ხანდახან ვფიქრობ და მინდა გითხრათ, პირიქით შევხედოთ და აბა ვნახოთ რა გვაერთიანებს. რა არის ის რაც ქართველებს გვაერთიანებს, თუნდაც ჩვენი ტოლერანტულობა. მართლაც მეამაყება, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანს ეროვნებას და სარწმუნოებას არ ეკითხებიან. საუკუნეებია, მოვდივართ, და ჭირიც და ლხინიც ერთია ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.
ბევრი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, მინდა გამოვყო სამი მიმართულება. პირველი, ეს არის საერთო წარსული, მისი პატივისცემა, რაც გამოხატული უნდა იყოს ჩვენს წარსულზე ზრუნვაში, ძველი თბილისის მოვლა- პატრონობაში. შემთხვევით არ არის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ძველი თბილისის რეაბილიტაცია, სადაც დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ. ასევე, უფროსი თაობის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება. წინა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვისმენდით, რომ უფროსი თაობის ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვა და ეს ყველაფერი რეალობაში ვერ ჯდებოდა. მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.
როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე და სამინისტროში მივედი, წარმატებას ზუსტად ასეთი ადამიანების დახმარებითა და რჩევებით მივაღწიეთ. მომავალშიც მზად ვარ, ვითანამშრომლო ამ ადამიანებთან, რადგან მათი გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები