სამაგალითოა საქართველოსთან დამყარებული პარტნიორობა – გერმანიის პოლიცია საქართველოს შსს-ს შესახებ
გამოცემა Westerwälder Zeitung-მა გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით – „ძარცვის რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო“.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტატიაში ნათქვამია: „ფედერალურ მიწას სურს, გააძლიეროს ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან. სამაგალითოა საქართველოსთან 2016 წელს დამყარებული პარტნიორობა. ცენტრალურ ანალიტიკურ სამსახურს შეუძლია, მრავალფეროვანი ინფორმაცია ერთად შეკრიბოს, – ამბობს ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, – ასე უფრო ადვილია დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგან მათ 70%-ს მანამდე უკვე ჰქონდა შეხება პოლიციასთან.
საქართველოს უწყებებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვეხდინა ოცკაციანი სიის იდენტიფიცირება, რომელიც დანაშაულის მრავალჯერ ჩამდენ პირებს მოიცავდა. მათგან 13 პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული თითქმის განახევრდა. ამჟამად, გამომძიებლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი წარმატება ექნებათ სხვა ქვეყნებთანაც, მაგალითად, რუმინეთთან“.
