“ნაციონალური მოძრაობა” ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესის უფლებებსა და ინტერესებს უხეშად არღვევდა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 860 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაუჭირა მხარი.

შესაბამისად, თუ შემოწირულობის საერთო თანხას ამ რაოდენობაზე გავყოფთ, გამოდის, რომ თითოეულმა ჩვენმა მხარდამჭერმა „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ რვა ლარი შესწირა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ეს ის ძალაა, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესის უფლებებსა და ინტერესებს უხეშად არღვევდა.

„რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წუხილი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესსექტორი და კერძო ბიზნესი უფრო მეტად სხვა პოლიტიკურ პარტიებს და „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხანი აქვს, რადგან ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესის უფლებებსა და ინტერესებს უხეშად არღვევდა. თუ დღეს კერძო კომპანიები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ენდობიან და თანხას არ სწირავენ, ეს იმის შედეგია, რაც მათ წლების განმავლობაში გააკეთეს. რასაც დათესავ, იმას მოიმკი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატის განცხადებით, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ შემოწირულობებზე ამახვილებენ ყურადღებას და რატომღაც, საზოგადოებას არაფერს ეუბნებიან იმის თაობაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა 2017 წლის პირველ ნახევარში რამდენი დაფინანსება მიიღეს.

„თუ აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ წლის პირველ ნახევარში ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი დაფინანსება ჰქონდათ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მოტივაცია, თუ რომელი პარტია დააფინანსონ და ვის მიმართ გააკეთონ შემოწირულობა, ერთადერთია – რომელ პარტიას აქვს უფრო საქმიანი რეპუტაცია, უფრო მეტი ნდობა, რომელ პარტიას აქვს უფრო მეტი პოტენციალი, რომ მომავალი განვითარება უზრუნველყოს. ეს ერთადერთი არგუმენტია, რითაც შემოწირულობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ ფიზიკური თუ იურიდიული პირები. მცდელობები იყო, რომ ჩვენს ოპონენტებს ისე წარმოეჩინათ, თითქოს ამ ქვეყანაში ბიზნესსექტორი ორია – ერთი, რომელიც მუშაობს და საქმეს აკეთებს, ასევე მეორე, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არსებობს. ეს ასე არ არის. ბიზნესსექტორი ერთია, ერთი და იგივე ბიზნესსექტორია, რომელიც მუშაობს, როცა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის და გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რომელი პარტია დააფინანსოს. საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს არ შეიძლება, იმ კომპანიებმა, რომლებიც საქმეს აკეთებენ, შემოწირულობა გააკეთონ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება“, – დასძინა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულობა 12-ჯერ აღემატებოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები