მარიამ ადამაშვილის წიგნის პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა

 გოდერძი ჩოხელის შესახებ შექმნილი ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, მარიამ ადამაშვილი ამჯერად თავისი აკადემიური კვლევის შედეგით ესტუმრა ლონდონს. ახალგაზრდა მეცნიერის, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის მარიამ ადამაშვილის წიგნის „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოებამ უმასპინძლა. წიგნი განკუთვნილია მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისში მოღვაწე ჟურნალისტის – გიორგი ლალიაშვილის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, ასევე სამეფო აზიური საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. 
პრეზენტაცია, აუდიტორიის ავტორთან კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა და, ძირითადად, ეხებოდა მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხს, რაც დღემდე სისტემატური და ობიექტური კვლევის საგნად არ ქცეულა საქართველოში. მარიამ ადამაშვილის წიგნი ამ ხარვეზის გამოსწორების წარმატებული მცდელობა აღმოჩნდა. მასში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის განხილული ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში. მკვლევარის ნაშრომში ქრონოლოგიური სიზუსტითა და მიუდგომლად არის გაანალიზებული თუ რა ზეგავლენას ახდენს ქართული მედია ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე, საკვლევი პერიოდის ათწლეულში სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები.
„ახალგაზრდა მკვლევარი, „ვარდების რევოლუციის“ ხანიდან ციხეში განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრების გავრცელებამდე პერიოდს გულმოდგინედ უღრმავდება და პროცესების საღ შეფასებას ახდენს ქართული და უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოხმობით. თვით გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების მრავალფეროვნებაც მიუთითებს ავტორის ხედვის სიფართოვესა და მასშტაბს. იგი ყველგან ინარჩუნებს მაქსიმალურ ობიექტურობას და სანდოობის მაღალ ხარისხს სწორედ ეს განაპირობებს“, – აღნიშნავს ლონდონში მოღვაწე ჟურნალისტი, გიორგი ლალიაშვილი.
მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ მარიამ ადამაშვილი ზუსტად შენიშნავს და გადმოსცემს თავის წიგნში განსხვავებას საქართველოსა და დასავლურ პოლიტიკურ სისტემებს შორის, სადაც მედია ხელისუფლებისთვის უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობის საშუალებაა, საქართველოს ტიპის ქვეყნებში კი აგიტაციის, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება.
ლონდონში მაღალი შეფასება მისცეს მარიამ ადამაშვილის წიგნს „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში“ და გამოითქვა აზრი, რომ როგორც მაღალპროფესიულად შესრულებული ნაშრომი, იგი უნივერსიტეტებში, სადაც მედიას ასწავლიან, დამკვიდრდეს, როგორც სასწავლო ლიტერატურა და ასევე ითარგმნოს ინგლისურად და სხვა კლასიკურ ენებზე, რათა მისი გაცნობა ხელმისაწვდომი გახდეს დასავლური მედიის, პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის. ამ წიგნით ისინი გაეცნობიან საქართველოს განვლილი დეკადის პირუთვნელ სურათს, რომელსაც უცხო თვალი კი არ მოიხილავს, არამედ მედიის საკითხების ახალგაზრდა ქართველი მკვლევარი, რომლის პროფესიული სიღრმე და პასუხისმგებლობა ნამდვილად ღირებული და ანგარიშგასაწევია.
„შეუძლებელია არ დაეთანხმო წიგნის ავტორს იმ თვალსაზრისში: რომ დღეს ქართული მედია რთული ამოცანის წინაშე დგას, მან ცვალებად რეალობაში საკუთარი ადგილი უნდა იპოვოს. თუ არ მოხდა ცვლილებებთან ადაპტაცია და ისეთი პრობლემების გადაჭრა როგორიც არის პოლარიზება და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მისიის შეუსრულებლობა, არსებობს საფრთხე, რომ საქრთველოს მედიამ ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა, იქცეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მედიად, რომელიც მზად არის გამოხატოს საქართველოს საზოგადოების ინტერესები“, – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
„საქართველოში მასმედია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და, შესაბამისად მისი მონოპოლიზების სურვილი გაცილებით დიდია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თითქმის ყველანაირი ტიპის რეჟიმებისა თუ პოლიტიკური სისტემის ხელისუფლება ცდილობს მედიის მარწუხებში მოქცევას, მაგრამ არა ისე, როგორც ყოფილი სსრკ-ის რეჟიმები. დასავლეთში პოლიტიკოსები ფიქრობენ რა ილაპარაკონ, ჟურნალისტები ლაპარაკობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ჟურნალისტები საქართველოშიც ფიქრობენ რა ილაპარაკონ, მაგრამ ანგარიშს უწევენ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ელიტებს, ლიდერებს და ა.შ., მაგრამ არა საზოგადოებას. ისინი საზოგადოების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ“, – ვკითხულობთ მარიამ ადამაშვილის წიგნში.
ცნობისთვის აღვნიშნავთ, რომ სამეფო აზიური საზოგადოება, სადაც მარიამის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ის ადგილი გახლავთ, სადაც 1912 წელს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, ასევე „ვისრამიანის“ პირველი ინგლისური თარგმანები დაიბეჭდა. ხუთი წლის წინათ ამავე საზოგადოებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური გამოცემის ასი წლის აღსანიშნავი საღამო, შარშან კი პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან ლონდონში“ წარდგინება გაიმართა.
მარიამს საქართველოში იცნობენ, როგორც ნიჭიერ და ნაყოფიერ ჟურნალისტსა და კინორეჟისორს. მისი ფილმის „ცასწავალას“ ჩვენება, რომელიც გოდერძი ჩოხელს ეძღვნება, ამ ზაფხულს, ლონდონში, საქართველოს საელჩოს დარბაზში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის პატრონაჟით გაიმართა. ასევე, ქართული დიასპორის თხოვნითა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის ლოცვა-კურთხევით დიდი ბრიტანეთის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში კიდევ ერთი ფილმის – „სამთავროს დედათა მონასტერი“ – ჩვენება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მარიამი არის ლონდონის კინოაკადემიის პირველი ქართველი კურსდამთავრებული, რომელსაც აკადემიამ „დოკუმენტური კინოს საფუძვლების“ კურსზე სწავლება სრულად დაუფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები