ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: სოსო ოხანაშვილი ირმა ჭკადუას შესახებ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის, ერთ-ერთი მოწმის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებაში ადვოკატ ირმა ჭკადუას თაობაზე გაჟღერებულ ინფორმაციას ცილისმწამებლურს უწოდებს. ამის შესახებ ზაზა ხატიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„მედიასაშუალებებით გავრცელდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, დეკანოზ მამალაძის ბრალდების საქმის ერთ-ერთი მოწმის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების ფრაგმენტი, სადაც ის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ავრცელებს დაუზუსტებელ და ჩემი შეფასებით, აშკარად ცილისმწამებლურ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ქ-ნ ირმა ჭკადუას სავარაუდო მონაწილეობაზე საპატრიარქოს მხრიდან მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში.
მე, როგორც „ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარეს“, მიუღებლად მიმაჩნია ადვოკატთა მიმართ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რომელიც მიმართულია ადვოკატის დისკრედიტაციისაკენ და მიზნად ისახავს თავისუფალი პროფესიის – ადვოკატის ნდობის შელახვას საზოგადოებაში. ამასთან, ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლის თანახმად, ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელებისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი საქმიანობა დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე. ასევე, დაუშვებელია ადვოკატის შევიწროება, მასზე ზეწოლა, მორალური თუ მატერიალური ზიანის მიყენება“, -აღნიშნულია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები