ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა

სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. საქართველოს პატრიარქმა ქვეყნის მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.
“​მე გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი”!- ასე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს სვეტიცხოვლობა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, სვეტიცხოველში სულიწმინდის მადლი მრევლზე უხილავად მოქმედებს.
„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი, ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენზედა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. გარდა ამისა, ტაძარში თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.
ისტორიულად, ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ, მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ, მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, ასევე, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები