სულიერების არმქონე ადამიანები დროდადრო ცდილობენ, ტალახი ესროლონ ქვეყნის მოამაგე ადამიანს -დავით ოქიტაშვილის ემოციური წერილი ლიკა ქავჟარაძეზე

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ლიკა ქავჟარაძეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, საგულისხმოა ლიკას ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი მისი სიტყვები: „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი რა მეშველებოდაო“. ოქიტაშვილის თქმით, მის სიტყვებში არა მხოლოდ მადლიერება ჩანს სულგრძელი ადამიანისა, არამედ ერთგვარი საყვედურიც იმათ მიმართ, ვინც ლიკა ქავჟარაძე დაივიწყა.
“დღეს, როცა საქართველო უკანასკნელ გზაზე მიაცილებს „ბუნების საჩუქარს“- ლიკა ქავჟარაძეს – განსაკუთრებით საგულისხმოა ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი მისი სიტყვები: „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი რა მეშველებოდაო“. მადლიერება სამართლიანობის ერთ-ერთი სახეობაა. ლიკას სიტყვებში ჩანს არა მხოლოდ მადლიერება სულგრძელი ადამიანისა, არამედ ერთგვარი საყვედურიც … მართალია, გამოუთქმელი (მისი ბუნებიდან გამომდინარე), მაგრამ მაინც საყვედური იმათ მიმართ, ვინც დაივიწყა, ვინც გულგრილად ჩაუარა გვერდით…. დღეს ლიკა სწორედ ამ გულგრილობის, მიტოვების, უყურადღებობისა და სიმარტოვის მსხვერპლია. ასეთ დროს არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ლევან უჩანეიშვილის სიტყვებს – „საქართველო არ იყო შენი ღირსიო!“. ახლა ვიცი (და ალბათ ყოველთვის ვიცოდი), რომ ლიკას ცხედართანაც აღსრულდება გოგლა ლეონიძის ნათქვამი… ჩვენი თანადროული საქართველოც „ზღვიერი ცრემლით დაიტირებს თავის მზეჯავარას“… იქნებ უფალმა თავისი განუმეორებელი გულმოწყალებით შეგვინდოს ეს ცოდვაც …
მაგრამ მაინც, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი უმადურობა? ბიძინა ივანიშვილის ამაგი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დიდია, თუმცა საეჭვო წარმომავლობისა და სულიერების არმქონე ადამიანები დროდადრო ცდილობენ, ტალახი ესროლონ ქვეყნის მოამაგე ადამიანს, ადამიანს რომელმაც … მაპატიეთ, მაგრამ გამიჭირდება თავი მოვუყარო და ჩამოვთვალო ის სიკეთეები, რაც გაუკეთებია ხანდახან უმადური, მაგრამ მაინც მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის. არაუშავს, „კეთილი საქმე თავს თვითონ იქებსო“, ნათქვამია, კაცი თუ არა, ღმერთი ხომ ხედავს ყველაფერს. დამიჯერეთ, გაცილებით მეტნი არიან ისინი, რომლებიც ლიკასავით ლოცავენ და ხედავენ მის უანგაროდ და სიყვარულით გაღებულ სიკეთეს. ჩემნაირი ბევრია, ვინც ქედს იხრის ბატონი ბიძინას დედის წინაშე. მადლობას გიხდით, ქვეყანას მისი სახით ასეთი პატრიოტი და ეროვნული ადამიანი რომ მოუვლინეთ, რომელიც მუდამ იქ არის, სადაც ადამიანებს დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. ქალბატონო ციცინო, დამიჯერეთ, ცოტანი არიან ის გაბოროტებული ადამიანები, ვისაც აუგი ალაპარაკებს თქვენი შვილის მიმართ, მაგრამ საბედნიეროდ, გაცილებით მეტნი არიან ისინი, რომლებიც ლიკასავით ლოცავენ და უყვართ ბატონი ბიძინა, ლოცავენ მის აღმზრდელებს, რადგან ღმერთმა უწყის, რა ელოდება საქართველოს მისი მეოხების გარეშე.
ბატონი ბიძინა, მჯერა, დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს … ლიკას ღვთიური სილამაზე, თქვენი ამაგი და სიკეთე კი უკვდავია, რადგან ვერა და ვერ ეწევა შუქს სიბნელე”, – ნათქვამია დავით ოქიტაშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები