მარიამ ჯაშმა საზოგადოებას “თბილისობა” ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილ 3 წლის კესოსთან ერთად მიულოცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა საზოგადოებას “თბილისობა” ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილ 3 წლის კესოსთან ერთად მიულოცა. როგორც მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა, კესო თავს კარგად გრძნობს და ამჟამად სახლში იმყოფება. მან პატარა თბილისის ბაღების სააგენტოს უფროსთან, თემურ თორდინავასთან ერთად მოინახულა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება.
“პატარა კესოსთან ერთად მინდა მოგილოცოთ “თბილისობა” არაჩვეულებრივი ამბით!!
ალბათ, საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, რომელმაც არ განიცადა 3 წლის კესოს ამბავი, ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარი ტრავმის გამო.
მინდა გაგახაროთ, რომ კესო უკვე სახლშია, თავის არაჩვეულებრივ მშობლებთან ერთად!!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაატარეს კესოს როგორც სარეანიმაციო, ასევე, ტრავმის შემდგომი მკურნალობა. მათი დამსახურებით, კესო უკვე სახლშია და თამაშის ხასიათზეც არის პატარა ქალბატონი.
დღეს თბილისის ბაღების სააგენტოს უფროსთან, თემურ თორდინავასთან ერთად ვნახეთ პატარა სახლში და მის ოჯახს მივულოცეთ ეს უდიდესი სიხარული!
აქვე, მინდა გაცნობოთ, რომ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება. სულ რამდენიმე დღეში, თბილისის საბავშვო ბაღებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი და შედარებით გადატვირთულ ჯგუფებში აღმზრდელებს დამატებითი თანაშემწეები დაენიშნებათ. რაც შეეხება კესოს ბაღს, როგორც იცით, დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებული ბაღის დირექტორი და აღმზრდელი, რადგან მსგავსი პროფესიული უყურადღებობა ვერავის ეპატიება…
კიდევ ერთხელ ვულოცავ კესოს ოჯახს და თითოეულ გულშემატკივარს პატარას გამოჯანმრთელებას!”, -ნათქვამია მარიამ ჯაშის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები