დეპუტატის თქმით, საქართველომ პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია შექმნა

ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა პოლიტიკურ სპეკულაციებს და დაადასტურა, რომ საქართველომ პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია შექმნა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო პროექტზე ვეტოს გამოუყენლობით, საბოლოოდ უარი თქვა შანსზე პოზიტიური როლი ეთამაშა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.

“რაც შეეხება ვეტოს საკითხს, თუ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პასუხი საბოლოოა, იურიდიულის გარდა, მათ ამ გადაწყვეტილებით, რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს:

პრეზიდენტმა უარი თქვა ორ საკითხთან დაკავშირებული საყოველთაო კონსესუსის რეალიზებაზე, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება.

მეორე, პრეზიდენტი ორი საათის განმავლობაში ისმენდა უმრავლესობის წევრი და ამავდროულად ხუთი პარტიის ლიდერების სხვადასხვა მოსაზრებებს კონსტიტუციის მხარდაჭერის შესახებ, დღეს კი მისი წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კონსტიტუციის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას.

მესამე, მათ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია და ილაპარაკეს ოპოზიციის სახელით, – თუ მათ წინადადებებს დავთანხმდებოდით, მაგრამ გუნდის ნაწილი მხარს არ დაგვიჭერდა, შემოგვაშველებდნენ ოპოზიციის ხმებს.

მეოთხე, თავისი წინადადებით ცადეს ჩვენს გუნდში განხეთქილების შემოტანა, რაც ბუნებრივია არ გამოუვიდათ.

და ბოლოს, პრეზიდენტმა უარი თქვა უკანასკნელ შანსზე პოზიტიური როლი ეთამაშა უკვე აღიარებულად წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.

ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ახალი და ძალიან კარგი, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება ქართული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები